6 - Al-An'aam ()

|

(1) ალლაჰმა პატიება და ჯილდო აღუთქვა უდიდესი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს კეთილი.

(2) – ხოლო ისინი, ვინც არ ირწმუნეს და ცრუდ მიიჩნიეს ჩვენი აიათები, აი, ისინი არიან მკვიდრი ჯოჯოხეთისა.

(3) ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა, როცა ხალხმა თქვენზე ხელის აღმართვა განიზრახეს და მან აგაცილათ მათი ხელები*. რიდი გქონდეთ ალლაჰისა, და მხოლოდ ალლაჰს მიენდონ მორწმუნეები.
*სხვადასხვა დროს სხვადასხვა საშუალებებით ურწმუნოები მუჰამმედ შუამავლის ﷺ სიცოცხლის მოსპობას ცდილობდნენ და ამისთვის შეთქმულებებს აწყობდნენ, თუმცა ყველა ჯერზე ალლაჰი იცავდა თავის შუამავალს და მას ატყობინებდა ურწმუნოთა მზაკვრული გეგმების შესახებ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა ჰიჯრეთის IV წელს, როდესაც მუჰამმედ შუამავალი ﷺ რამდენიმე საჰაბესთან ერთად ბენი ნადრ-ის გვარის იუდეველებთან მივიდა, რათა მათთან გაფორმებული სამოკავშირეო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საერთო საქმეები იყო შესასრულებელი. იუდეველებმა ისინი სუფრაზე მიიპატიჟეს და როგორც საპატიო სტუმარს, ისე გაუმასპინძლდნენ. სინამდვილეში მასპინძლებს შენობის სახურავიდან დიდი ლოდის გადმოგდება და შუამავლის სიცოცხლის ხელყოფა ჰქონდათ დაგეგმილი. ალლაჰმა შუამავალს ჯიბრილ ანგელოზის საშუალებით შეატყობინა ბოროტმოქმედთა ზრახვების შესახებ და შუამავალმა იქაურობა მანამდე დატოვა, ვიდრე ისინი თავიანთ გეგმას სისრულეში მოიყვანდნენ. იხ. თაფსირუ ტაბერი. ასევე, შუამავლის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის სხვა ფაქტების შესახებ იხ. 4/102 და 5/5-ე აიათებზე ჩვენ მიერ დართული განმარტებები.

(4) ჭეშმარიტად, ისრაელის მოდგმის აღთქმა აიღო ალლაჰმა, და თორმეტი წარმომადგენელი (ზედამხედველი) მივავლინეთ მათგან. და ალლაჰმა აღუთქვა: ჭეშმარიტად, მე თქვენთან ვარ, თუკი ნამაზს აღასრულებთ, ზექათს გასცემთ, ირწმუნებთ ჩემს შუამავლებს და მხარში ამოუდგებით მათ, ასესხებთ ალლაჰს მშვენიერ სესხს*. - აი, მაშინ ნამდვილად დაგიფარავთ უკეთურობებს და უთუოდ შეგიყვანთ სამოთხეებში, რომლის ქვეშაც დიან მდინარენი. და ვინც ამის შემდეგაც არ ირწმუნა, უეჭველად, მან გადაცდა სწორი გზიდან.
*ალლაჰის გზაზე ხარჯვით, რომელიც იმქვეყნად დაუბრუნდება.

(5) დავწყევლეთ ისინი თავიანთი აღთქმის დარღვევის გამო და გულები გავუუხეშეთ. ადგილს უცვლიან სიტყვებს და დაივიწყეს თავიანთი ხვედრი იქიდან, რითაც იყვნენ შეგონებულნი. ყოველთვის გაიგებ ღალატს მათზე, გარდა მცირედისა. შენ მაინც აპატიე მათ და განერიდე. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს კეთილმორწმუნენი.

(6) და აღთქმა ავიღეთ მათგანაც, რომელთაც თქვეს, რომ ჩვენ ვართ ნაზარეველნიო, შემდეგ კი დაივიწყეს თავიანთი ხვედრი იქიდან, რითაც იყვნენ შეგონებულნი. ამიტომაც მტრობა და სიძულვილი ჩამოვაგდეთ მათ შორის განკითხვის დღემდე, ბოლოს კი ალლაჰი აცნობებს მათ იმის შესახებ, რასაც სჩადიოდნენ.

(7) ეი, წიგნბოძებულნო! ჭეშმარიტად, თქვენთან მოვიდა ჩვენი შუამავალი და ძალიან ბევრს გიცხადებთ, რასაც მალავდით წიგნიდან*, ბევრს კი საერთოდ არ ამბობს. ჭეშმარიტად, თქვენთან მოვიდა შუქი** და ცხადი წიგნი ალლაჰისგან.
*მაგალითად, მუჰამმედ შუამავლის ﷺ დახასიათება და მემრუშის სასჯელი მხოლოდ მცირედია იმათგან, რაც წიგნბოძებულებმა თავიანთი წიგნებიდან ამოიღეს. იბნი აბბასმა თქვა: ვინც უარყოფს რეჯმს (დაქორწინებული მემრუშის ჩაქოლვით დასჯას), ის ისე უარყოფს ყურანს, რომ ვერც კი წარმოიდგენს. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „ეი, წიგნბოძებულნო! ჭეშმარიტად, თქვენთან მოვიდა ჩვენი შუამავალი, ძალიან ბევრს გიცხადებთ იმათგან, რასაც თქვენ მალავდით წიგნიდან“. სწორედ რეჯმი იყო, რასაც ისინი მალავდნენ. (ჰაქიმ, ალ-მუსთედრექ, ჰ.ნ. 8069.) **ისლამი.

(8) მისი მეშვეობით* ალლაჰი უსაფრთხო გზებისკენ დააკვალიანებს მათ, ვინც გაჰყვება მის კმაყოფილებას, ასევე მისი ნებით ბნელეთიდან ნათელში** გაიყვანს და სწორი გზისკენ დააკვალიანებს.
*ყურანის. **ურწმუნოებისა და გზააცდენილობის ბნელეთიდან - რწმენის, ღვთის მორჩილებისა და თავჰიდის ნათელში.

(9) ჭეშმარიტად, ურწმუნოება გამოავლინეს მათ, რომლებმაც თქვეს, რომ ღმერთი არის - მესია, ძე მარიამისა. უთხარი: თუკი ინება ალლაჰმა, რომ დაღუპოს მესია, ძე მარიამისა, მისი დედა და ყველაფერი, რაცაა დედამიწაზე, – ვის შეუძლია ამათგან რომელიმეს დაბრკოლება? ალლაჰს ეკუთვნის ხელმწიფება ცათა და დედამიწისა და რაცაა მათ შორის, და აჩენს იმას, რაც სურს. ალლაჰი ყოვლისშემძლეა.

(10) იუდეველებმა და ქრისტიანებმა თქვეს, რომ ჩვენ ვართ ალლაჰის ძენი და მისი მოყვარენიო. უთხარი: მაშ რატომღა გსჯით თქვენივე ცოდვების გამო? პირიქით, თქვენ ჩვეულებრივი ადამიანები ხართ იმათგან, ვინც მან გააჩინა. ის პატიობს მას, ვისაც ინებებს და სჯის მას, ვისაც ინებებს*. ალლაჰს ეკუთვნის ხელმწიფება ცათა და დედამიწისა და რაცაა მათ შორის, და მასთანაა საბოლოო მისაქციელი.
*ცოდვილთა პატიება წყალობაა მისგან, ხოლო დასჯა - სამართალი.

(11) ეი, წიგნბოძებულნო! ჭეშმარიტად, უშუამავლობის ჟამის შემდეგ თქვენთან მოვიდა ჩვენი შუამავალი, რომელიც განგიმარტავთ, რათა არ გეთქვათ, რომ ჩვენ არ მოგვსვლია მახარობელი და შემგონებელიო. ჭეშმარიტად, - მოგივიდათ თქვენ მახარობელიც და შემგონებელიც. ალლაჰი ყოვლისშემძლეა.

(12) აკი მუსამ თავის ხალხს მიმართა: ეი, ხალხო ჩემო! გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენდამი, როცა თქვენივე წიაღიდან დაადგინა მაცნეები, ხელმწიფეებად გაქციათ და გიბოძათ ის, რაც სამყაროში არავისთვის უბოძებია.

(13) ეი, ხალხო ჩემო! შედით წმინდა მიწაზე (იერუსალიმში), რომელიც ალლაჰმა თქვენ დაგიდგინათ და არ მობრუნდეთ უკან, თორემ წაგებულებად იქცევით.

(14) უთხრეს: ო, მუსა! უეჭველად, იქ არის გოლიათი ხალხი და ჩვენ არ შეგვიძლია შევიდეთ, ვიდრე ისინი არ გამოვლენ იქიდან, ხოლო თუ იქიდან გამოვლენ, მაშინ ჩვენც შევალთ აუცილებლადო.

(15) მათგან ორმა ღვთისმოშიშმა კაცმა, რომლებზეც ალლაჰმა წყალობა მოიღო, თქვეს: კარიბჭიდან შეუტიეთ მათ და როცა იქ შეხვალთ, უთუოდ, თქვენ იქნებით გამარჯვებულნი. მაშ, ალლაჰს მიენდეთ, თუკი თქვენ ხართ მორწმუნენი.

(16) უთხრეს: ო, მუსა! ჩვენ იქ არასოდეს შევალთ, ვიდრე ისინი იქ იქნებიან. წადით და შენ და შენმა ღმერთმა შეებრძოლეთ, ჩვენ კი აქ ვისხდებითო.

(17) თქვა: ღმერთო ჩემო! მე მხოლოდ ჩემს თავსა და ჩემს ძმას ვმმართველობ, მაშ, სიშორე ჩამოაგდე ჩვენსა და უღირს ხალხს შორის.

(18) ბრძანა: ჭეშმარიტად, აკრძალულია ის (წმინდა მიწა) მათთვის ორმოცი წელი. იხეტიალებენ ისინი ქვეყანაზე და ნუ დამწუხრდები უღირსი ხალხის გამო.

(19) და წაუკითხე მათ ჭეშმარიტი ამბავი ადამის ორი ძისა*, როდესაც მსხვერპლი შესწირეს და შეწყნარებულ იქნა ერთისა და არ შეწყნარებულა მეორესი. (ამ უკანასკნელმა) თქვა: ნამდვილად მოგკლავ მე შენ! (პირველმა) მიუგო: ჭეშმარიტად, ალლაჰი მხოლოდ ღვთისმოშიშებისგან ყაბულობს.
*ისლამურ ლიტერატურაში ცნობილია როგორც ჰაბილი და ყაბილი, ანუ აბელი და კაენი.

(20) ვფიცავ, თუ შენ ხელს აღმართავ ჩემს მოსაკლავად, მე ხელს არ აღვმართავ შენს მოსაკლავად. ჭეშმარიტად, მე მეშინია ალლაჰისა, სამყაროთა ღმერთის.

(21) მე მირჩევნია, რომ ჩემი ცოდვაც და შენი ცოდვაც* შენ იტვირთო და ცეცხლის მკვიდრთაგან იყო. ასეთია უსამართლოთა სასჯელი.
*ჩემი მოკვდინების ცოდვა და შენი წარსულში ჩადენილი შურიანობის ან სხვა ცოდვები, რომელიც შენი შესაწირის შეუწყნარებლობის მიზეზი გახდა.

(22) სულმა მისმა დაიყოლია ძმის მკვლელობაზე და მოკლა იგი*, - იქცა უმალვე წაგებულთაგანი.
*ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „რამდენი ადამიანიც მოიკლება უსამართლოდ, ყველას ცოდვა ადამის პირველ შვილსაც დაედება, რადგანაც ის იყო პირველი, ვინც კაცის კვლა წამოიწყო.“ (ბუხარი, ენბია, ჰ.ნ. 3335.)

(23) შემდეგ ალლაჰმა ყვავი წარგზავნა, რომელიც მიწას ჩიჩქნიდა, რათა ეჩევენებინა, თუ როგორ დაემარხა თავისი ძმის ცხედარი. (მაშინ) თქვა: ვაი, ჩემს თავს! ისიც არ შემიძლია, რომ ამ ყვავის მსგავსი მაინც ვიყო და ჩემი ძმის ცხედარი დავმარხო? და იქცა მონანულთაგანი.

(24) - ამის გამო ისრაელის მოდგმას დავუწესეთ, რომ ვინც მოკლა სული არა სულის წილ ან უკეთურების გამო ქვეყნიერებაზე, მან თითქოს მთელი კაცობრიობა მოაკვდინა; ხოლო ვინც აცოცხლა იგი*, მან თითქოს მთელი კაცობრიობა აცოცხლა. ჭეშმარიტად, ჩვენი შუამავლები ცხადი მტკიცებულებებით მივიდნენ მათთან, მაგრამ ამის მიუხედავად მათი უმრავლესობა მაინც არაზომიერია.
*საფრთხის ქვეშ მყოფი სიკვდილს გადაარჩინა, კაცის კვლაზე უარი თქვა ან მოდავემ მკვლელს აპატია და სიკვდილით დასჯის გაუქმება მოითხოვა.

(25) ჭეშმარიტად, სასჯელი მათი, – რომელნიც ალლაჰსა და მის შუამავალს ეომებიან და ქვეყნად უკეთურებას ესწრაფვიან, – სიკვდილით დასჯა ან ძელზე გაკვრა, ან ხელებისა და ფეხების ურთიერთსაპირისპიროდ მოკვეთა*, ან ქვეყნიდან გაძევება! მათთვის ამქვეყნად ამგვარი დამცირებაა, ხოლო იმქვეყნად - დიდი სასჯელი.
*მარჯვენა ხელისა და მარცხენა ფეხის მოკვეთა, ხოლო თუ შემდეგ იგივე დააშავა, მაშინ მარცხენა ხელის და მარჯვენა ფეხის მოკვეთა.

(26) გარდა იმათი, რომლებმაც მანამდე მოინანიეს, ვიდრე მათი პასუხისგების შესაძლებლობას მოიპოვებდით (ვიდრე თქვენ მათ შეიპყრობდით). მაშ, იცოდეთ, რომ ალლაჰი მართლაც უსაზღვროდ მპატიებელია, მწყალობელი.

(27) ეი, თქვენ, რომელთაც იწმუნეთ! რიდი გქონდეთ ალლაჰისა და მასთან დაახლოების საშუალება ეძიეთ*; მის გზაზე იბრძოლეთ, რომ იქნებ გადარჩეთ.
*ყურანსა და სუნნეთში მოცემული ღვთისმსახურებებით, სამადლო საქმეებით და აკრძალულებისგან თავის შეკავებით.

(28) ჭეშმარიტად, ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს, – ყველაფერსაც რომ ფლობდნენ, რაც დედამიწაზე არსებობს და კიდევ ერთ იმდენს, - აუცილებლად გაიღებდნენ განკითხვის დღის სასჯელიდან თავის გამოსახსნელად, თუმცა არ მიიღება იგი მათგან და მათთვისაა მწარე სასჯელი.

(29) ცეცხლიდან გამოსვლას ნატრობენ, თუმცა ვერაფრით გამოვლენ იქიდან და მათთვისაა სასჯელი მარადიული.

(30) მომპარავ კაცსა და მომპარავ ქალს, – იმის საზღაურად, რაც მოიხვეჭეს, და სამაგალითო სასჯელად ალლაჰისგან, – ხელები მოჰკვეთეთ*. ალლაჰი ძლევამოსილია; ბრძენია.
*აღნიშნული სასჯელის სისრულეში მოყვანა გარკვეულ პირობებზეა დამოკდებული: 1. ქურდი უნდა იყოს ზრდასრული და ჭკვიანი, მოპარულ ქონებაზე არ უნდა ქონდეს სრული ან ნაწილობრივი საკუთრების უფლება. ქურდი არ უნდა იყოს დაზარალებულის ყმა ან პირიქით, - ანუ დაზარალებულის ბატონი. იგივე მიდგომაა მამა-შვილს შორის წარმოქმნილ მოპარვის შემთხვევებშიც; 2. მოპარული ქონების მინიმალური ოდენობა: მოპარული ქონების მინიმალურ ოდენობასთან დაკავშირებით მეზჰებებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა: ჰანეფი მეზჰების მიხედვით, მოპარული ქონების ღირებულება მინიმუმ 10 დირჰემი, ხოლო მალიქი, შაფი და ჰანბელი მეზჰების მიხედვით დინარის მეოთხედი ან სამი დირჰემი უნდა იყოს (1 დირჰემი=2.97 გრ. ვერცხლის ფული. 1 დინარი=4.25 ოქროს ფული. 1 დინარი=10 დირჰემი); 3. მოპარული ნივთები უნდა იყოს დაცული, ანუ მფლობელს ქონების დასაცავად გარკვეული ზომები უნდა ქონდეს მიღებული. ასევე მუსლიმისთვის მისი ფლობა ჰალალი უნდა იყოს, ანუ ჰარამის კატეგორიას არ უნდა მიეკუთვნებოდეს; 4. მინიმუმ ორმა თვითმხილველმა მოწმემ უნდა დაამოწმოს ან თვითონ მომპარავმა უნდა მისცეს აღიარებითი ჩვენება; 5.განაჩენის გამოტანა და სასჯელის აღსრულება უნდა მოხდეს მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების მიერ.

(31) ხოლო ვინც მოინანია თავისი უსამართლობის შემდეგ და გამოსწორდა, ჭეშმარიტად, მიუტევებს მას ალლაჰი. უეჭველად, ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, მწყალობელი.

(32) განა არ იცი, რომ მართლაც ალლაჰს ეკუთვნის ცათა და დედამიწის ხელმწიფება? დასჯის მას, ვისაც ინებებს და აპატიებს მას, ვისაც ინებებს. ალლაჰი ყოვლისშემძლეა.

(33) ეი, შუამავალო! ნუ დამწუხრდები იმათ გამო, რომელთა გულებსაც არ ურწმუნია, - პირით ამბობენ ვირწმუნეთო და ურწმუნოებისკენ მიისწრაფვიან. არც იმ იუდეველების გამო დამწუხრდე, რომელნიც სიცრუეს უგდებენ ყურს და კიდევ სხვა ხალხს უსმენენ, რომლებიც შენთან არც კი მოსულან*. ისინი (წმინდა წერილში) სიტყვებს ადგილებს** უცვლიან და ამბობენ: თუკი მოგეცემათ, ეს მაშინ აიღეთ, ხოლო თუ არ მოგეცათ, მაშინ მოერიდეთ***. ვის განსაცდელსაც ინებებს ალლაჰი, შენ მის საშველად ვერაფერს ჰპოვებ ალლაჰის წინაშე. ეგენი არიან, ვისი გულების გაწმენდაც არ ინება ალლაჰმა. მათთვისაა დამცირება ამქვეყნად, და მათთვისაა დიდი სასჯელი იმქვეყნად.
*შენს შესახებ ათას სიცრუეს და ცილისწამებას უსმენენ, ასევე ისეთ ხალხს უსმენენ, რომლებიც შენთან არც კი მოსულან, თუმცა შენს შესახებ სიცრუეს თხზავენ. **ცდილობენ, წმინდა წერილის დადგენილებები შეცვალონ, გააბათილონ ან დამალონ. აბდულლაჰ ბინ ომარის გადმოცემის თანახმად, ერთხელ ალლაჰის შუამავალთან ﷺ იუდეველი ქალი და მამაკაცი მიიყვანეს, რომლებმაც იმრუშეს და მუჰამმედის კანონებით უნდოდათ გასამართლება, რადგანაც თევრათის დადგენილებით, მემრუშე ჩაქოლვით უნდა დასჯილიყო, მათ კი ამ სასჯელის აღსრულება არ უნდოდათ და ფიქრობდნენ, რომ მუჰამმედ შუამავალი ﷺ უფრო მსუბუქ სასჯელს შეუფარდებდა. ალლაჰის შუამავალი ﷺ იუდეველებთან მივიდა და უთხრა: რა წერია თევრათში მრუშობის სასჯელის შესახებ? მათ მიუგეს, რომ თევრათის მიხედვით, სახეები შავად უნდა შეეღებათ, ერთმანეთისგან განსხვავებული მიმართულებით პირუტყვზე შეესვათ და მთელი ქალაქი ასე შემოეტარებინათ. შუამავალმა ﷺ უთხრა თევრათი მოიტანეთ და ვნახოთ, თუ მართალს ამბობთო. თევრათი მოიტანეს და მისი კითხვა დაიწყეს. როდესაც მიაღწიეს აიათს, სადაც ჩაქოლვის შესახებ ეწერა, ახალგაზრდამ, რომელიც ჩაქოლვის აიათს კითხულობდა, თითი დააფარა მას და მხოლოდ წინა და მომდევნო აიათები წაიკითხა. ამდროს გამუსლიმებულმა ებრაელმა აბდულლაჰ ბინ სელამმა ხელის აღება მოითხოვა. როდესაც ხელი აიღო და ქვეშ ჩაქოლვის აიათი აღმოჩნდა, ალლაჰის შუამავალმაც ﷺ აიათის შესაბამისად ჩაქოლვა უბრძანა და ორივე ჩაქოლეს (მუსლიმ, ჰუდუდ 6/1699; ბუხარი, მენაყიბ 26/3635.). ***მუჰამმედთან რომ მიხვალთ, თქვენთვის სასურველი განაჩენი თუ გამოიტანა, მაშინ აიღეთ, ხოლო თუ თქვენს გემოვნებას არ დაემთხვევა, მაშინ მოერიდეთ.

(34) გამუდმებით უსმენენ ისინი სიცრუეს და ხშირად ჭამენ ნებადაურთველს*. თუ შენთან მოვლენ, განსაჯე შენ მათ შორის ან პირი იბრუნე მათგან, და თუ პირს იბრუნებ, ვერაფერს გავნებენ. ხოლო თუ განსჯი, მაშინ სამართლიანად განსაჯე მათ შორის**. ჭეშმარიტად, უყვარს ალლაჰს სამართლიანნი.
*ქრთამს, ვახშს და მსგავს ჰარამ შემოსავალს. **შენი ნებაა, იმსაჯულებ თუ არა მათ შორის არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად, მაგრამ თუ მსაჯულობას გადაწყვეტ, მაშინ ვალდებული ხარ, სამართლიანად განსაჯო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შენს მიმართ მტრულად არიან განწყობილნი.

(35) (საკვირველია) როგორ გირჩევენ შენ მსაჯულად, როცა თევრათი მათთანაა და იქ ალლაჰის განაჩენია*. მერე კი ზურგს იქცევენ ამის შემდეგ**, და არ არიან ეგენი მორწმუნენი***.
*დაქორწინებული მემრუშის ჩაქოლვით დასჯის შესახებ. **როცა შენ განსაჯე თავიანთი წიგნის შესაბამისად, რაც მიუღებელი აღმოჩნდა მათთვის. ***მათ არც თავიანთი წიგნისა სწამთ და არც შენი სამართალისა.

(36) ჭეშმარიტად, ჩვენ თევრათი ჩამოვავლინეთ, მასშია სწორი გზა და სინათლე; მორჩილი შუამავლები მისით განსჯიდნენ იუდეველთათვის, ასევე რაბინები და სწავლულებიც, რადგანაც ისინი ალლაჰის წიგნის დაცვით იყვნენ დავალებულნი და მოწმენი ამ ყველაფერზე. მაშ, ნუ შეუშინდებით ხალხს, ჩემი გეშინოდეთ, და ნურც ჩემს აიათებს გაყიდით მცირე ფასის სანაცვლოდ. ხოლო ვინც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა, სწორედ ისინი არიან ურწმუნონი*.
*იმრან ბინ ჰუდაირი მოგვითხრობს: აბუ მიჯლეზთან ხარიჯიტები მივიდნენ და საუბარი დაუწყეს: ო, აბუ მიჯლეზ, რას ფიქრობ უზენაესი ალაჰის შემდეგ სიტყვებზე: „ვინც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა, ისინი ქააფირები, უსამართლოები და უღირსები არიან“ - არის თუ არა იგი ჭეშმარიტება? მან უპასუხა: დიახ. მაშ აბუ მიჯლეზ, დღეს ჩვენი მმართველები განსჯიან იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა? მან ასე უპასუხა: ისინი ამ სარწმუნოების მიმდევრები არიან, ამ სარწმუნოებიდან გამომდინარე საუბრობენ, ხალხს ამ სარწმუნოებისკენ მოუწოდებენ. ხოლო ამ სარწმუნოებიდან რამე თუ მიატოვეს, ისიც იციან, რომ ამით ცოდვას ჩადიან. მათ თქვეს: არა, ალლაჰს ვფიცავარ, შენც კარგად იცი, რომ ასე არ არის, მაგრამ აღიარების გეშინია. მან ასე უპასუხა: ასეთ შეფასებას თქვენ უფრო იმსახურებთ. მე ისე არ ვიცი, როგორც თქვენ გესმით, მაგრამ თქვენ მათი შიშით ისე ვერ მოქმედებთ, როგორც იცით და როგორც სწორად მიგაჩნიათ. ეს აიათი იუდეველების, ქრისტიანებისა და მუშრიქების შესახებ ჩამოევლინა. იბნი ზეიდმა ამ აიათის განმარტებისას თქვა: ვინც თავისი ხელით დაწერილი წიგნით განსჯის, ალლაჰის წიგნი მიატოვა და მის მიერ დაწერილი წიგნის შესახებ ამტკიცებს, რომ იგი ალლაჰის მხრიდანაა, ის ქააფირია. ტავუსმა თქვა: ამ აიათში ხსენებული ქუფრი არ გულისხმობს ქუფრს, რომლითაც ადამიანი ისლამიდან გადის. აბდულლაჰ ბინ აბბასმა თქვა: ამ აიათში ნახსენებია ქუფრი, თუმცა ეს არ არის ალლაჰის, ანგელოზების, წიგნებისა და შუამავლების უარყოფის მსგავსი. ვინც უარყოფს იმას, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა ის ქააფირია, ხოლო ვინც აღიარებს მას, თუმცა მისით არ განსჯის, ის უსამართლო და უღირსია. იბნი ტავუსი თავისი მამისგან გადმოგვცემს: ერთი კაცი მივიდ აბდულლაჰ ბინ აბბასთან და კითხა: „ვინც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლინია“ – ვინც ასე მოიქცევა, ის ქააფირი გახდება? მან ასე უპასუხა: თუ ის ასე მოიქცევა, ეს იქნება ქუფრი, ოღონდ ეს არ არის ისეთი ქუფრი, როგორც ალლაჰის, უკანასკნელი დღის და ა.შ. უარყოფა. ოთხივე გადმოცემა ციტირებულია იმამ ტაბერის თაფსირიდან. იხ. თაფსირუ ტაბერი. იბნი აბბასის გადმოცემის თანახმად მას უთქვამს: უეჭველად, აქ არ იგულისხმება ის ქუფრი, საითაც ის (ხარიჯიტებს) მიჰყავთ. აქ საუბარია ქუფრზე, რომელითაც ისლამის უმმეთიდან არ გადის. ესაა ისლამიდან გამყვან ქუფრზე უფრო დაბალი ხარისხის ქუფრი. იხ. ჰაქიმ, ალ-მუსთედრექ, ჰ.ნ. 3219; ბიეჰაყი, სუნენ ალ-ქუბრა, ჰ.ნ. 15854. ხარიჯიტებმა თქვეს: ყველა, ვინც ალლაჰს ეურჩება, ქააფირია. სწავლულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ეს საქმე ასე არ არის. თუმცა ხარიჯიტები ამ აიათზე დაყრდნობით ამბობენ: ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ვინც განსჯის იმით, რაც ალლაჰს არ ჩამოუვლენია, ის ქააფირია. ყველა, ვინც ცოდვას ჩადის და გადაწყვეტილებას მიიღებს იმით, რაც ალლაჰს არ ჩამოუვლენია აქედან გამომდინარე, ის ქააფირი ხდება. ‘იქრიმემ განმარტა: აიათში „ვინც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა“ იგულისხმება ის, ვინც უარყო გულით და შეეწინააღმდეგა ენით. მაგრამ ვინც გულითა და ენით ალლაჰის დადგენილებებს აღიარებს, მაგრამ აკეთებს ამის საპირისპიროდ, ის სინამდვილეში იმით განსჯის, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა, მან უბრალოდ მიატოვა ამის შესაბამისად მოქმედება. აქედან გამომდინარე, ასეთი ადამიანი ამ აიათის არეში არ შედის. იხ. მეფათიჰუ’ლ-ღაიბ.

(37) და მასში* ჩვენ დავუკანონეთ: სული სულის წილ, თვალი თვალის წილ, ცხვირი ცხვირის წილ, ყური ყურის წილ, კბილი კბილის წილ, ასევე ყისასი** დავუწესეთ ჭრილობების შესახებაც. ხოლო ვინც აპატიებს მოწყალების ნიშნად, იგი იქნება მისი ცოდვების გამოსასყიდი***, და ვინც არ განსჯიან იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლიანა, სწორედ ისინი არიან უსამართლონი.
*თევრათში/თორაში. **ორიგინალი – „ყისაას“ (قصاص): ლექსიკონური მნიშვნელობით იგივე ფორმით სამაგიეროს გადახდას ან სასჯელს ნიშნავს. როგორც ტერმინი - ყისასი – დანაშაულისა და სასჯელის თანაბრობას გულისხმობს, შარიათის თანახმად კი მკვლელის – მოკლულის სანაცვლოდ სიკვდილით დასჯას; ჭრილობის მიყენების ან ორგანოს მოკვეთის შემთხვევაში – დამნაშავის იგივენაირად დასჯას ნიშნავს. ყისასი – აღნიშნული დანაშაულის განზრახ ჩადენისა და დაზარალებულის მხრიდან სრული აღსრულების მოთხოვნის შემთხვევაში ხდება აუცილებელი. დაზარალებულს შეუძლია: ყისასზე უარი თქვას, სისხლის გამოსასყიდი თანხა მოითხოვოს ან უსასყიდლოდ აპატიოს. ***ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „რომელ ადამიანსაც სხეულზე ჭრილობას მიაყენებენ, ხოლო ის ამას მოწყალების ნიშნად აპატიებს, ალლაჰი მას აუცილებლად აპატიებს იმის თანასწორ ცოდვას, რაც გაიღო მოწყალებად“ (აჰმედ, ალ-მუსნედ, ჰ.ნ. 22701.).

(38) და კვალდაკვალ* მივაყოლეთ მათ ‘ისა - ძე მარიამისა, დამამოწმებლად იმისა, რაც იყო თევრათში – მასზე ადრე; და მას ვუბოძეთ ინჯილი, მასშია სწორი გზა და სინათლე; იგია** დამამოწმებელი იმისა, რაც იყო თევრათში მასზე ადრე - სწორი გზის მაჩვენებელად და შესაგონებლად ღვთისმოშითათვის.
*ღვთისადმი მორჩილ შუამავალთა კვალდაკვალ. **ინჯილი/სახარება.

(39) მაშ, ინჯილის ხალხმა იმით განსაჯონ, რაც ალლაჰმა მასში ჩამოავლინა, ხოლო ვინც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლიანა, სწორედ ეგენი არიან უღირსნი*.
*ბერა ბინ ‘აზიბი გადმოგვცემს: მაცნესთან ﷺ შავად სახეშეღებილი და გაროზგილი იუდეველი ჩამოატარეს. შუამავალმა ﷺ მათ დაუძახა და კითხა: წმინდა წიგნში მემრუშის სასჯელად ეს გიწერიათ? მათ უპასუხეს: დიახ. შუამავალმა ﷺ მათ სწავლულთაგან ერთ-ერთი იხმო და უთხრა: ღმერთს გაფიცებ, რომელმაც მუსას თევრათი ჩამოუვლინა, თქვენს წმინდა წიგნში მემრუშის სასჯელად ამას პოულობთ? მან უპასუხა: არა, ასე რომ არ დაგეფიცებინა, არასოდეს გაგიმხელდი ამას. წმინდა წიგნში ჩაქოლვა გვიწერია, მაგრამ მრუშობამ საკმაოდ იმატა წარჩინებულთა შორის, მაგრამ მათ ხელს ვერ ვახლებდით, ხოლო თუ გლახაკები იმრუშებდნენ, მას აღნიშნული სასჯელით ვსჯიდით. შემდეგ ვთქვით, მოდით ისეთი სასჯელი შემოვიღოთ, რითაც წარჩინებულსაც დავსჯით და ღარიბსაცო. ამის შემდეგ ჩაქოლვის ნაცვლად სახის შავად შეღებვა და გაროზგვა შემოვიღეთ. ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: ღმერთო, მე ვიქნები პირველი, ვინც შენს ბრძანებას გამოაცოცხლებს, რომელიც მათ მოაკვდინეს. შუამავალმა ﷺ უბრძანა და ისიც ჩაქოლეს. ამის შემდეგ უზენაესმა ალლაჰმა ჩამოავლინა „ეი, შუამავალო! ნუ დამწუხრდები იმათ გამო, რომლებიც ურწმუნოებისკენ მიისწრაფვიან“ - აიათი შემდეგ სიტყვებამდე: „თუკი მოგეცათ, ეს მაშინ აიღეთ.“ ანუ ისინი ამბობდნენ: მიდით მუჰამმედთან ﷺ და კითხეთ, თუ გეტყვით, რომ სახე შავად შეუღებეთ და გაროზგეთო, მაშინ აიღეთ, ხოლო თუ ჩაქოლვის განაჩენი გამოიტანა, მაშინ მოერიდეთ. ამის შემდეგ უზენაესმა ალლაჰმა ჩამოავლინა შემდეგი აიათები: „ვინც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა, ისინი ქააფირები არიან“, „ვინც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა, ისინი უსამართლოები არიან“, „ვინც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა, ისინი უღირსები არიან“ და ეს აიათები ყველა ქააფირების შესახებაა (მუსლიმ, ჰუდუდ 6/1700.).

(40) და ჩვენ წიგნი ჩამოგივლინეთ ჭეშმარიტებითურთ, მასზე ადრე მყოფი წიგნის დასტურად და მოწმედ*, მაშ, იმსაჯულე მათ შორის იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა და მათ გემოვნებაზე აყოლით არ გადაუხვიო იმ ჭეშმარიტებას, რაც უკვე მიგიღია. ჩვენ ყველა თქვენგანს დავუდგინეთ თავისი შარიათი (კანონები) და გზა. ალლაჰს რომ ენება, ყველას ერთ თემად გაქცევდათ, მაგრამ მან თქვენი გამოცდა ინება – იმის მიხედვით, რაც გიბოძათ. ამიტომ სიკეთეში შეეჯიბრეთ ერთმანეთს. ბოლოს ალლაჰთანაა ყველა თქვენგანის მისაქციელი და ის გამცნობთ იმის შესახებ, რაზეც თქვენ ცილობდით.
*ყურანი ადასტურებს, რომ წინანდელი ზეციური წიგნები ღვთისგანაა მოვლინებული; ასევე ამოწმებს მასში არსებულ სიმართლეს ან კიდევ ამხელს იმ ცვლილებებს, რაც ადამიანთა ჩარევით განიცადა.

(41) მაშ, იმსაჯულე მათ შორის იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა და ნუ აჰყვები მათ გემოვნებას, სიფრთხილე გამოიჩინე მათ მიმართ, რათა არ აგაცდინონ იმის ნაწილს, რაც ალლაჰმა ჩამოგივლინა. ხოლო თუ პირი იბრუნეს, იცოდე, რომ ალლაჰს მათი დასჯა სწადია - ნაწილი მათი ცოდვების გამო. უეჭველად, ბევრი ადამიანი მართლაც უღირსია.

(42) განა უმეცრების დროინდელ მსაჯულებას ეძებენ?* მაშ, ვინაა ალლაჰზე უკეთესი მსაჯული - ღრმადმორწმუნე ხალხისთვის?
*ო, მუჰამმედ! ისინი უკადრისობენ შენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელიც ალლაჰის მიერ ჩამოვლენილი კანონით განსჯის შედეგია და უმეცრების დროინდელ წეს-ჩვეულებებს უბრუნდებიან თავიანთი გემოვნების კარნახის შესაბამისად. ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „ალლაჰის წინაშე ადამიანთა შორის ყველაზე საძაგელია სამი: მესჯიდი ჰარამის ნაკრძალ ტერიტორიაზე უსამართლობის ჩამდენი, ისლამის მიუხედავად უმეცრების დროინდელი წესების მოტრფიალე და უსამართლოდ ადამიანის სისხლის დაღვრით მოწადინებული“ (ბუხარი, დიათ 9/6882.).

(43) ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ აიყვანოთ მეგობრებად იუდეველნი და ნაზარეველნი*, ისინი ერთმანეთის მეგობრები არიან. ხოლო რომელი თქვენგანიც დაუმეგობრდება მათ, ჭეშმარიტად, ისიც (ერთ-ერთი) მათგანია**. ჭეშმარიტად, ალლაჰი უსამართლო ხალხს არ დააკვალიანებს ჭეშმარიტ გზაზე.
*იბნი ჯერირ ატ-ტაბერი წერს: უზენაესმა ალლაჰმა ამ აიათით მორწმუნეებს, ალლაჰისა და მისი შუამავლის მიმართ რწმენის მქონე ხალხის წინააღმდეგ იუდეველებისა და ქრისტიანების დამეგობრება, მუსლიმთა საწინააღმდეგოდ დახმარებისთვის მიმართვა აუკრძალა. ვინც მათ ალლაჰის, მისი შუამავლის და მორწმუნეების ნაცვლად, დამხმარედ და თანამოკავშირედ დაიდგენს, ისიც მათ მსგავსად ალლაჰის, მისი შუამავლისა და მორწმუნეების მოწინააღმდეგეა. იხ. თაფსირუ ტაბერი. **იმამი ყურტუბი წერს: ვინც მათ მუსლიმების წინააღმდეგ მხარს დაუჭერს, ის ერთ-ერთი მათგანია. იხ. ალ-ჯაამი’უ’ლი-აჰქაამი’ლ-ყურაან.

(44) აი, ვისაც სნეულება აქვთ გულებში, ხედავ, თუ როგორ მიისწრაფვიან მათკენ* და ამბობენ: ვშიშობთ, რაიმე უბედურება არ დაგვატყდეს თავს. შესაძლოა, ალლაჰმა გამარჯვება ან რაიმე წარმატება მოავლინოს თავისი წიაღიდან და მონანულებად გადაიქცნენ იმის გამო, რასაც მალავდნენ თავიანთ გულებში.
*მიესწრაფვიან მათ მხარში დგომასა და დახმარებას.

(45) და მორწმუნეები (გაკვირვებით) ამბობენ: ნუთუ ეგენი არიან, ვინც ალლაჰს იფიცებოდნენ მთელი თავგამოდებით, რომ ისინი უთუოდ თქვენთან ერთად იქნებოდნენ? უქმად იქცა მათი ნამოქმედარი და წაგებულებად გადაიქცნენ.

(46) ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! რომელი თქვენგანიც თავის რწმენას განუდგება (დაიღუპება), (მის ადგილზე) შემდეგ ალლაჰი სხვა ხალხს მოიყვანს, რომლებიც ეყვარება მას, და მათაც ეყვარებათ იგი, თავმდაბალნი იქნებიან მორწმუნეთა მიმართ და მტკიცენი - ურწმუნოთა წინაშე, ალლაჰის გზაზე იბრძოლებენ და არ შეეშინდებათ მკიცხველის გაკიცხვისა. ეს ალლაჰის წყალობაა, რომელსაც უბოძებს მას, ვისთვისაც ინებებს. ალლაჰი უხვმწყალობია, ყოვლისმცოდნე.

(47) ჭეშმარიტად, თქვენი მეგობარია - ალლაჰი, მისი შუამავალი და ისინი, რომელთაც ირწმუნეს, ნამაზს აღასრულებენ, ზექათს გასცემენ და ქედმოხრილნი არიან.

(48) - და ვინც ალლაჰს, მის შუამავალსა და მორწმუნეებს დაიმეგობრებს, ჭეშმარიტად, - მძლენი არიან ალლაჰის მომხრენი.

(49) ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ აიყვანოთ მეგობრებად თქვენამდე წიგნბოძებულნი ან ურწმუნონი, რომლებმაც თქვენი რჯული გასართობად და მასხრად აიგდეს. რიდი გქონდეთ ალლაჰისა, თუკი ხართ თქვენ მორწმუნენი.

(50) როცა (ეზანით) ნამაზისკენ მოუწოდეთ, გასართობად და მასხრად აიგდეს იგი, ეს იმიტომ რომ ეგენი ნამდვილად შეუგნებელი ხალხია.

(51) უთხარი: ეი, წიგნბოძებულნო! ნუთუ მხოლოდ იმისთვის გეჯავრებით, რომ ვირწმუნეთ ალლაჰი და ის, რაც ჩამოგვევლინა, ასევე ისიც ვირწმუნეთ, რაც ჩვენზე ადრე ჩამოვლენილა... - და ბევრი თქვენგანი უღირსია?

(52) უთხარი: ხომ არ გიამბოთ ალლაჰის წინაშე სასჯელის მხრივ ამაზე უფრო ცუდის შესახებ? ვინც ალლაჰმა დასწყევლა, - შერისხა, მათგან მაიმუნები და ღორები დაადგინა და ტაღუთს* ეთაყვანებოდნენ; აი, ეგენი არიან ყველაზე ცუდი ადგილის მქონენი და სწორი გზიდან ყველაზე ამცდარნი.
*ორიგინალი – „ალ-ტაღუთ“ (الطاغوت): სიტყვის ფუძის მნიშვნელობაა ზღვარსგადასულობა, ურჩობა ან ურჩობის გამომწვევი მიზეზი. ძირითადად გამოიყენება სატანის, კერპის და ყოველივე იმის აღსანიშნავად, რაც ადამიანს ღვთისკენ მიმავალ გზაზე ეღობება და ღვთის ნაცვლად თავისი მორჩილების არჩევანს უქმნის ან ამ მორჩილებისკენ უბიძგებს; ან იმის აღსანიშნავად, რაც შეიძლება გახდეს ზღვარგადასულობისა და ურჩობის მიზეზი.

(53) როდესაც თქვენთან მოვლენ, იტყვიან, ვირწმუნეთო. უეჭველად, ეგენი ურწმუნოებით შემოვიდნენ და, რათქმაუნდა, ამითვე გავიდნენ. ალლაჰმა უკეთ იცის, რასაც ეგენი მალავენ.

(54) მათგან ძალიან ბევრს დაინახავ, თუ როგორ მიისწრაფვიან ცოდვაში, მტრობაში და ნებადაურთველის ჭამაში. რაოდენ ცუდია, რასაც ეგენი სჩადიან!

(55) ნეტავ რაბინებსა და სწავლულებს მაინც აეკრძალათ მათთვის ცუდი სიტყვა და ნებადაურთველის ჭამა. რაოდენ ცუდია, რასაც ეგენი სჩადიან.

(56) იუდეველებმა თქვეს: „ალლაჰის ხელი შეკრულია“. თვითონ შეეკრათ ხელები და დაიწყევლონ იმის გამო, რაც თქვეს. პირიქით, მისი ორივე ხელი* ფართოდაა გაშლილი, წყალობას გასცემს, როგორც თვითონ ინებებს. რაც შენი ღმერთისგან ჩამოგევლინა, ის ბევრ მათგანს უთუოდ შეჰმატებს ზღვარგადასულობასა და ურწმუნოებას. განკითხვის დღემდე მათ შორის მტრობა და სიძულვილი ჩავაგდეთ. ყოველთვის, როცა ომისთვის ცეცხლს ანთებენ, - ალლაჰი აქრობს მას, და უკეთურების თესვას მიესწრაფვიან დედამიწაზე, და ალლაჰს არ უყვარს უკეთურების მოქმედნი.
*ალლაჰის ხელი მისი თვისებებიდან ერთ-ერთია, როგორებიცაა სმენა, ხედვა, სახე და ა.შ. ალლაჰი წმინდა ყურანში ბრძანებს: „რაც გავაჩინე - ჩემი ორი ხელით“ (სად 38/75.). ასევე ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „ალლაჰის ორივე ხელი მარჯვენაა“ (მუსლიმ, იმარე 5/1827.). თვისებების რაობას მხოლოდ ალლაჰი უწყის, მსახურთა ვალი მხოლოდ რწმენა და მორჩილებაა. ეჰლი სუნნეთის პირველი თაობის სწავლულები ამბობდნენ: „თვისებები ისევე გაატარეთ, როგორც არის გადმოცემული და ნუ შეუდგებით მისი რაობის ან როგორობის განხილვას“. იხ. თაფსირუ ბეღავი.

(57) წიგნბოძებულებს რომ ერწმუნათ და ღვთისმოშიშნი ყოფილიყვნენ, უთუოდ მივუტევებდით თავიანთ ცოდვებს და, რათქმაუნდა, წყალობით სავსე ბაღებში შევიყვადით.

(58) ისინი რომ მტკიცედ მდგარიყვნენ თევრათსა და ინჯილზე, და იმაზე, რაც ჩამოევლინათ თავიანთი ღმერთისგან, მაშინ უთუოდ მიირთმევდნენ - ზემოდან და ფეხთა ქვეშიდან*. მათში ზომიერი თემიცაა, თუმცა ცუდია, რასაც მათი უმრავლესობა აკეთებს.
*ყოველი მხრიდან ალლაჰის სარჩოს ეწეოდნენ, ეს იქნებოდა ზემოდან ჩამომავალი წყალობა წვიმისა და მზის სახით, ასევე ქვემოდან მიღებული მიწისქვეშა სიმდიდრეები და მიწაზე მოყვანილი მოსავალი.

(59) ო, შუამავალო! (ხალხს) მიუწვდინე იგი, რაც ჩამოგევლინა შენი ღმერთისგან; და თუ არ იზამ, მაშინ არ მიგიწვდენია მისი წერილი*. ხოლო ხალხისგან ალლაჰი დაგიცავს. უეჭველად, ალლაჰი ურწმუნო ხალხს არ დააკვალიანებს ჭეშმარიტ გზაზე.
*აიშამ თქვა: ვინც გითხრას, რომ მუჰამმედმა რამე დამალა იქიდან, რაც მასთან ჩამოევლინა, ის უთუოდ ტყუის, რადგანაც ალლაჰი ბრძანებს: „ო, შუამავალო! (ხალხს) მიუწვდინე იგი, რაც ჩამოგევლინა“ (ბუხარი, თაფსიირ 7/4612.).

(60) უთხარი: ეი, წიგნბოძებულნო! არ გაგაჩნდებათ არანაირი საფუძველი*, რომ არ აღასრულოთ თევრათი, ინჯილი და ის, რაც თქვენი ღმერთისგან ჩამოგევლინათ**; მართლაც ბევრ მათგანს სიურჩესა და ურწმუნოებას შეჰმატებს იგი, რაც შენი ღმერთისგან ჩამოგევლინა, ამიტომ არ დამწუხრდე შენ ურწმუნო ხალხის გამო.
*ღვთიურ წერილში მოცემული წესების დაუცველად თქვენი რწმენა საფუძველს მოკლებულია. **ყურანი.

(61) ჭეშმარიტად, ვინც მორწმუნეა, და იუდეველნი, საბიელნი* და ნაზარეველნი – ვინც ირწმუნა ალლაჰი და დღე უკანასკნელი, და კეთილის მქნელია, - მათზე არც შიშია მოსალოდნელი და არც დამწუხრდებიან ეგენი.
*საბიელნი: მუფესსირები საბიელთა ვინაობის შესახებ რამდენიმე განსხვავებულ აზრს გამოთქვამენ: ა. წიგნბოძებულთა ერთ-ერთი განშტოება ბ. ვარსკვლავთ-მოთაყვანენი გ. ხალხი, რომლებიც არცერთი რელიგიის აღმსარებელნი არ იყვნენ, არც წარმართობდნენ და შენარჩუნებული ჰქონდათ სპეტაკი ბუნებაც, ანუ ,,ფიტრათი". დ. ხალხი, რომლებმაც წარსულ შუამავალთაგან რომელიმეს შარიათი შემოინახეს; ალლაჰის ერთობა და განკითხვის დღის ჭეშმარიტება სწამდათ.

(62) დიახ, ჩვენ აღთქმა დავუდეთ ისრაელის მოდგმას და წარვუგზავნეთ შუამავლები. ყოველთვის, როცა მათთან მიდიოდა შუამავალი იმით, რაც მათ არ მოსწონდათ, ნაწილს ცრუდ რაცხავდნენ და ნაწილს ხოცავდნენ.

(63) ეგონათ, რომ განსაცდელი არ ეწეოდათ, ამიტომაც წაუბრმავეს და წაუყრუეს,* შემდეგ ალლაჰმა მათი სინანული შეისმინა. შემდეგ მათმა უმრავლესობამ ისევ წაუბრმავა და წაუყრუა. ყველაფერს ხედავს ალლაჰი, რასაც ისინი აკეთებენ.
*სწორი გზის მიმართ - ბრმმასავით და ჭეშმარიტი სიტყვის მიმართ - ყრუსავით იქცევოდნენ.

(64) მართლაც ურწმუნოდ იქცნენ ისინი, ვინც თქვეს, რომ ჭეშმარიტად, ალლაჰია - მესია, ძე მარიამისაო. და მესია ამბობდა: ეი, ისრაელის მოდგმავ! თაყვანი ეცით ალლაჰს, ჩემს ღმერთს და თქვენს ღმერთსო. უეჭველად, ვინც უთანაზიარებს ალლაჰს, - აკრძალა ალლაჰმა მისთვის სამოთხე და ცეცხლია მისი თავშესაფარი... და არავინაა დამხმარე – უსამართლოთა.

(65) მართლაც ურწმუნოდ იქცნენ ისინი, ვინც თქვეს, რომ ჭეშმარიტად, ალლაჰია სამთაგან მესამე. არადა ერთადერთი ღმერთის გარდა სხვა ღვთაება არ არსებობს, ხოლო თუკი არ მოიშლიან იმას, რასაც ამბობენ, მაშინ ურწმუნოებს აუცილებლად შეეხებათ მწარე სასჯელი.

(66) ნუთუ არ მოინანიებენ ალლაჰის წინაშე და არ შესთხოვენ პატიებას? ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია; მწყალობელია.

(67) მესია - ძე მარიამისა, მხოლოდ შუამავალია. უეჭველად, მასზე ადრეც განვლეს შუამავლებმა, მისი დედა უმართლესი ქალია, ორივე მათგანი კი საჭმელს მიირთმევდა. შეხედე, თუ როგორ განვმარტავთ მათთვის აიათებს; შემდეგ კვლავ შეხედე, თუ როგორ იქცევენ პირს.

(68) უთხარი: ნუთუ ალლაჰის ნაცვლად ეთაყვანებით იმას, რასაც თქვენთვის არც ვნება ძალუძს და არც რგება? არადა ალლაჰი ყოვლის მსმენი და მხედველია.

(69) უთხარი: ეი, წიგნბოძებულნო! ზღვარს ნუ გადახვალთ ჭეშმარიტების მიღმა, თქვენივე სარწმუნოებაში, და ნუ გაჰყვებით იმ ხალხის გემოვნებას, რომლებიც ადრე უკვე ასცდნენ ჭეშმარიტებას, სხვაც ბევრი აცდუნეს, და სწორი გზიდან გადავიდნენ.

(70) დავუდისა და ‘ისა მარიამის ძის ენით დაიწყევლნენ ისინი, ვინც ურწმუნო იყო ისრაელის ძეთა შორის. სწორედ თავიანთი ურჩობისა და ზღვარგადასულობის გამო იწვნიეს იგი.

(71) არ უკრძალავდნენ ერთმანეთს უკეთურებას, რასაც ისინი სჩადიოდნენ, და რა ცუდია, რასაც აკეთებდნენ.

(72) ხედავ, ბევრი მათგანი როგორ მეგობრობენ იმათთან, ვინც არ ირწმუნეს. მართლაც რაოდენ ცუდია, რასაც თავიანთი სულები სამომავლოდ უმზადებენ იმათ, რათა განურისხდეთ ალლაჰი და მარადიულ სატანჯველში აღმოჩნდნენ.

(73) მათ რომ რწმენა ჰქონოდათ ალლაჰის, მაცნის და მასზე ჩამოვლენილის მიმართ, მაშინ იმათ არ დაიმეგობრებდნენ, თუმცა უღირსია ბევრი მათგანი.

(74) უთუოდ ჰპოვებ, რომ კაცთაგან მორწმუნეთა მიმართ ყველაზე მკაცრი სიძულვილით იუდეველები და წარმართები გამოირჩევიან; ასევე ჰპოვებ, რომ მათში მორწმუნეთა მიმართ სიყვარულით ისინი გამოირჩევან, რომლებმაც თქვეს, ჩვენ ნაზარეველნი ვართო; ეს იმიტომ, რომ მათგან არიან მღვდლები და ბერები, რომლებიც არ ამპარტავნობენ.

(75) ხოლო როდესაც ისმენენ იმას, რაც ჩამოევლინა შუამავალთან, ნახავ ,რომ ცრემლით აევსებათ თვალები იმის გამო, რაც შეიცნეს ჭეშმარიტებიდან; ისინი ამბობენ: ღმერთო ჩვენო! ჩვენ უკვე ვირწმუნეთ, მაშ, ჩაგვწერე დამმოწმებელთა რიგებში!

(76) რატომაც არ უნდა ვირწმუნოთ ალლაჰი და ის, რაც ჭეშმარიტებიდან მოვიდა ჩვენთან? - ჩვენ ხომ მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი ღმერთი სათნო ხალხთან ერთად შეგვიყვანს (სამოთხეში).

(77) შემდეგ მიჰმადლა მათ ალლაჰმა თავიანთი (გულწრფელი) სიტყვებისთვის სამოთხეები, რომლის ქვეშაც მდინარეები მიედინება, მასში იქნებიან მარადჟამს და ესაა კეთილმორწმუნეთა საზღაური.

(78) – ხოლო ისინი, ვინც არ ირწმუნეს და ცრუდ მიიჩნიეს ჩვენი აიათები, აი, ისინი არიან ჯოჯოხეთის მკვიდრნი.

(79) ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ აიკრძალოთ ის სიკეთენი, რაც ჰალალჰყო თქვენთვის ალლაჰმა და არც ზღვარს გადახვიდეთ; უეჭვლად, ალლაჰს არ უყვარს ზღვარგადასულნი.

(80) მაშ, მიირთვით იქიდან, რაც ჰალალ და სუფთა საზრდოდ გიწყალობათ ალლაჰმა. და რიდი გქონდეთ ალლაჰისა, რომლის მორწმუნენიც ხართ.

(81) ალლაჰი არ გაკისრებთ პასუხისმგებლობას (იმ) დაფიცებულზე, რომელიც წამოგცდათ (გაუცნობიერებლად) , თუმცა პასუხისმგებლობას გაკისრებთ იმაზე, რაც შეგნებულად დაიფიცეთ. და ამის გამოსასყიდია: ათი ღატაკის გამოკვება - საშუალოდ იმით, რასაც მიართმევთ ხოლმე თქვენს ოჯახს; ან მათი შემოსვა; ან ერთი მონის გათავისუფლება. ხოლო ვისაც (ეს) არ მოეპოვება, მასზეა (დაკისრებული) სამი დღის მარხვა. ესაა გამოსასყიდი თქვენი ფიცისა, თუკი გატეხავთ. მაშ, დაიცავით თქვენი ფიცი! ასე განგიმარტავთ ალლაჰი თავის აიათებს, - იქნებ მადლიერნი ყოფილიყავით.

(82) ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! უეჭველად, ღვინო, ყუმარი, კერპები და (სამკითხაო) ისრები* სატანის საძაგელ საქმეთაგანაა და განერიდეთ მას – იქნებ გადარჩეთ.
*მკითხაობის ერთ-ერთი მეთოდი: ისრების გამოყენება, როცა ცდილობდნენ თავიანთი წილის/ხვედრის განსაზღვრას. იგივე სტატუსს ექვემდებარება ბანქო, ზარი და სხვა ატრიბუტები, რაც მკითხაობისას ან აზარტული თამაშებისას გამოიყენება.

(83) სატანას მხოლოდ ის უნდა, რომ მტრობა და სიძულვილი ჩააგდოს თქვენ შორის ღვინითა და ყუმარით; დაგაშოროთ ალლაჰის დიდებას/ხსენებას და ნამაზს. მაშ, ხომ იქნებით ამის დამთმობნი?

(84) მაშ, დაემორჩილეთ ალლაჰს, დაემორჩილეთ შუამავალს და სიფრთხილე გამოიჩინეთ, ხოლო თუკი გადაიხრებით, მაშინ იცოდეთ, რომ ჩვენს შუამავალს მხოლოდ ცხადი გზავნილის მიწვდენა აკისრია.

(85) რომელთაც ირწმუნეს და სიკეთე აკეთეს, მათ არ დაედებათ ცოდვა იმაში, რაც (ადრე) უგემიათ,* თუ (ახლა) ღვთისმოშიშებას იჩენენ, სწამთ და სიკეთეს აკეთებენ; შემდეგ ისევ ღვთისმოშიშებას იჩენენ და სწამთ; შემდეგ ისევ ღვთისმოშიშებას იჩენენ და სიკეთეს აკეთებენ. ალლაჰს უყვარს კეთილისმქმნელნი.
*ენეს იბნ მაალიქი გადმოგვცემს: ერთხელ მე, აბუ ტალჰა, აბუ უბეიდა ბინ ალ-ჯერრაჰი, მუაზ ბინ ჯებელი, სუჰეილ იბნ ბეიდა და აბუ დუჯანე ერთად ვქეიფობდით. მე ვიყავი მელიქიფე. სუფრის წევრები საკმაოდ შეზარხოშებულნი იყვნენ და თავი სუფრისკენ წაეხარათ, როცა ქუჩიდან ხმა შემოგვესმა: ,,ყურადღებით, ამიერიდან ღვინო უკვე ჰარამია!'' ამის გაგონებაზე, ჩვენ, სანამ ვინმე გარეთ გავიდოდა ან გარედან ვინმე შემოვიდოდა, მაშინვე დავღვარეთ ღვინო, რაც იყო დარჩენილი, და ღვინის ჭურჭელი დავამსხვრიეთ. ზოგიერთმა ჩვენგანმა აბდესი აიღო, ზოგიერთებმაც ტანი დაიბანა. უმმუ სულეიმის სუნამო წავისვით და შუამავლის მეჩეთს მივაშურეთ. ამ დროს ალლაჰის შუამავალი ﷺ სურა მაიდეს (90-92-ე) აიათებს კითხულობდა. ამის მოსმენის შემდეგ ერთმა კაცმა იკითხა: ო, ალლაჰის შუამავალო! რა ბედი ეწევათ მათ, რომლებიც ადრე ღვინოს მიირთმევდნენ და ამ აიათის ჩამოვლინებამდე გარდაიცვალენ? ამ კითხვის საპასუხოდ უზენაესმა ალლაჰმა შემდეგი აიათი ჩამოავლინა: „რომელთაც ირწმუნეს და კეთილი ჰქმნეს, მათ ცოდვა არ აქვთ იმაში, რაც უგემიათ ...“ იხ. თაფსირუ ტაბარი.

(86) ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ალლაჰი აუცილებლად გამოგცდით ნადირით,* რომელსაც სწვდება თქვენი ხელები და შუბები, რათა გამოამჟღავნოს, თუ ვის აქვს მისი შიში - როცა ვერავინ ხედავს მას, გარდა ალლაჰისა. ხოლო ვინც შემდგომ ზღვარს გადავა, სწორედ მისთვისაა მწარე სასჯელი.
*ეს აიათი ჰუდეიბიას სამშვიდობო ზავის წელს ჩამოევლინა, როდესაც მორწმუნეები იჰრამით იყვნენ შემოსილნი. უზენაესმა ალაჰმა იჰრამით შემოსილებს ნადირობა აუკრძალა და ამგვარად გამოცადა ისინი. იმ წელიწადს მათ ირგვლივ იმდენი გარეული ცხოველი იმყოფებოდა, რომ მათ ბანაკშიც კი გადაადგილდებოდნენ, ამიტომ ზოგიერთ მათგანს ნადირობის სურვილი უჩნდებოდა. იხ. თაფსირუ ბეღავი.

(87) ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ მოკლათ ნადირი* მაშინ, როცა იჰრამით ხართ შემოსილნი. და ვინც მოკლავს გააზრებულად, მისი სასჯელი: ქააბაში შესაწირად გაგზავნაა შინაური ცხოველისა, მის მიერ მოკლულის მსგავსის, რასაც თქვენ შორის ორი სამართლიანი კაცი განსაზღვრავს; ან გამოსასყიდად ღარიბების დაპურება; ან სანაცვლოდ მარხვაა, რათა პასუხისმგებლობა იგრძნოს თავისი საქციელის. ალლაჰმა შეუნდო, რაც უკვე მოხდა, ხოლო თუ კვლავ დაუბრუნდება, ალლაჰი შურს იძიებს მასზე. ალლაჰი უძლეველია, შურისმგებია.
*აიშა გადმოგვცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „ხუთი სახის მავნე სულიერი არსებობს, რომელთა მოკვლა იჰრამით შემოსილ მდგომარეობაშიც კი შეიძლება. ესენია: ყვავი, ძერა, მორიელი, თაგვი და ცოფიანი ძაღლი.“ (ბუხარი, ჯეზაუ’ლ-საიდ, 7/1829.)

(88) ნება მოგეცათ ზღვის ნადირობაზე (თევზაობა) და ამით დანაყრებაზე, მგზავრთა და თქვენდა სასარგებლოდ, ხოლო აგეკრძალათ სახმელეთო ნადირობა, მანამ, ვიდრე იჰრამით იქნებით შემოსილნი. რიდი გქონდეთ ალლაჰის, რომლის წინაშეც იქნებით აღდგენილნი.

(89) ალლაჰმა ადამიანთა სასიკეთოდ ქააბა, ანუ ნაკრძალი სახლი, ნაკრძალი მთვარე, შესაწირი და გირლანდაშებმული სამსხვერპლოები დაადგინა, რათა გცოდნოდათ, რომ ალლაჰი უწყის, რაცაა ცათა შინა და რაცაა ქვეყანაზე, და ის (გცოდნოდათ), რომ ალლაჰი ყოვლისმცოდნეა.

(90) იცოდეთ, რომ უეჭველად, ალლაჰი მკაცრსასჯელიანია და ჭეშმარიტად, ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, მწყალობელია.

(91) შუამავალს მხოლოდ მიწვდენა აკისრია (ხალხზე - ამ მოძღვრების), ალლაჰმა კი იცის, რასაც თქვენ ამხელთ და მალავთ.

(92) უთხარი: უწმინდური და სუფთა არაა თანასწორი*, თუნდაც უწმინდურობის სიმრავლემ თავი მოგაწონოს! მაშ, გონიერნო, გეშინოდეთ ალლაჰის, იქნებ გადარჩეთ.
*სუფთა და უწმინდური, ჰალალი და ჰარამი, მორწმუნე და ურწმუნო, მორჩილი და ურჩი, მცოდნე და უვიცი, კეთილი და ბოროტი, მობიდათე და სუნნეთის მიმდევარი - ერთმანეთის თანასწორი არ არის.

(93) ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ იკითხოთ ისეთი რამეები, რომლებიც დაგამწუხრებთ, თუ გაგემარტებათ*; და თუ იკითხავთ ყურანის ჩამოვლინებისას, – გაგემარტებათ. (რაც უკვე იკითხეთ) ალლაჰმა შეგარჩინათ**. ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, ლმობიერი.
*აკრძალულია ზედმეტი და უსარგებლო კითხვები ან ისეთი კითხვები, რომელთა განმარტებასაც დამატებითი პასუხისმგებლობები და მწუხარება მოყვება. მაგალითად: ერთმა კაცმა, რომლის მამაც ისლამის მიუღებლად გარდაიცვალა, ალლაჰის შუამავალს ﷺ კითხა: ო, ალლაჰის შუამავალო! მამაჩემი სად არის? მან უპასუხა: ცეცხლში. როდესაც კაცი წამოდგა და წასვლას აპირებდა, შუამავალმა ﷺ უკან იხმო და უთხრა: უეჭველად, შენი მამაც და ჩემი მამაც ცეცხლში არიან. (მუსლიმ, იმან 88/203.) ერთხელ ალლაჰის შუამავალმა ﷺ ხუტბაზე თქვა: ეი, ხალხო! ალლაჰმა ჰაჯობა ფარძად დაგიწესათ, მაშ, შეასრულეთ ჰაჯობა! ერთმა კაცმა იკითხა: ო, ალლაჰის შუამავალო! ყოველ წელიწადს? შუამავალი ﷺ მანამდე დუმდა, ვიდრე იმ კაცმა იგივე კითხვა სამჯერ არ გაიმეორა, შემდეგ კი უპასუხა: რომ ვთქვა – ,,დიახ'', - მაშინ უთუოდ სავალდებულო გახდება, ხოლო თუ სავალდებულო გახდება, რასაკვირველია, ამას თქვენ ვერ შეძლებთ. შემდეგ მან ასე გააგრძელა: სადაც მე თქვენთვის თავისუფლება მაქვს მოცემული, იქ მეც მომეცით თავისუფლება. უეჭველად, თქვენზე ადრე მყოფები ბევრი (უსაფუძვლო) კითხვებითა და შუამავლებისგან განსხვავებულად მოქმედებით დაიღუპნენ. როდესაც მე თქვენ რამეს გიბრძანებთ, ის შეძლებისდაგვარად შეასრულეთ, ხოლო რასაც აგიკრძალავთ, ის მიატოვეთ (მუსლიმ, ჰაჯჯ 73/1337.) **რაც აქამდე გიკითხავთ; ან რაც ალლაჰს ყურანში და მის შუამავალს სუნნეთში არ განუცხადებია, ის ცოდვად არ ჩაგეთვლებათ.

(94) თქვენამდეც იკითხა ხალხმა მის შესახებ, შემდეგ - მის გამო ურწმუნოებად გადაიქცნენ*.
*უპირველესად, უნდა განვმარტოთ, რომ არაბულ ენაში ზმნა سَاَلَ (სე ე ლე) როგორც კითხვის დასმას, ასევე მოთხოვნასაც ნიშნავს, რომელიც ჩვენს თარგმანში ყველაზე გავრცელებული ფორმით - კითხვის დასმის სახით ვთარგმნეთ. ვინ იყო ხალხი, რომლებმაც კითხვა დასვეს ან რამე მოითხოვეს და თავიანთ კითხვაზე რომ პასუხი გაეცათ ან სათხოვარი შეუსრულდათ, ამის საფუძველზე ურწმუნოებად გადაიქცნენ? ამის შესახებ წმინდა ყურანში რამდენიმე მაგალითია მოყვანილი: 1. სალიჰ შუამავლის ხალხი, რომლებმაც სასწაულის ნიშნად აქლემი მოითხოვეს, ხოლო შემდეგ უმადურად მოიქცნენ და აქლემი დაკლეს. იხ. ა’რაფ, 7/73-80. 2. მუსა შუამავლის ხალხი, რომლებმაც თავიანთ შუამავალს მოსთხოვეს, ალლაჰი დაგვანახეო. იხ. ბაყარა 2/55. 3. ‘ისა შუამავლის ხალხი, რომლებმაც იკითხეს, შეეძლო თუ არა ღმერთს ზეციდან სუფრის ჩამოვლინება. იხ. მაიდე 5/112-15. 4. ასევე ბაყარა სურას 246-251 აიათებში მოთხრობილი ტალუთისა და ჯალუთის ამბავიც ამის მაგალითია, როდესაც ხალხმა მეფე ინატრა, რათა წინ გაძღოლოდათ და მასთან ერთად ალლაჰის გზაზე ეომათ, თუმცა მეფის მოვლინების შემდეგ თავიანთი სიტყვა არ შეასრულეს.

(95) არ დაუდგენია ალლაჰს არც ბაჰირა, არც საიბე, არც ვასილა და არც ჰამი,* თუმცა ისინი, ვინც არ ირწმუნეს, ცილს სწამებენ ალლაჰს და სიცრუეს თხზავენ მის შესახებ, თანაც მათი უმრავლესობა ვერც კი აზროვნებს.
*ბაჰირა, საიბე, ვასილა და ჰამი ისლამამდელ პერიოდში წარმართი არაბების მიერ კერპებისთვის ცოცხლად შეწირული შინაური ცხოველებია. ზემოთ ჩამოთვლილი შესაწირის ყველა სახეობა თავისებური თვისებებით გამოირჩეოდა, რომლებიც ხელშეუხებლად ითვლებოდა და თავიანთ ნებაზე იყვნენ საძოვარზე გაშვებული. არც მათი ხორცით, არც ნაწველით, არც ბეწვით სარგებლობდნენ და არც ტრანსპორტად გამოიყენებდნენ.

(96) და როცა უთხრეს: მოდით იმაზე, რაც ალლაჰმა ჩამოავლინაო, და (მოდით) შუამავალთანო, მათ თქვეს: ჩვენთვის ისიც საკმარისია, რაზედაც ვპოვეთ ჩვენი მამა-პაპანი... – თუნდაც მათ მამებს არაფერი გაგებოდათ და არც სწორ გზაზე მდგარიყვნენ?!

(97) ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენ გაკისრიათ თქვენი თავის პასუხისმგებლობა. ვერას გავნებთ ის, ვინც გზააცდენილია, თუ თქვენ სწორ გზას დაადგებით*. ალლაჰთანაა ყველა თქვენგანის საბოლოო მისაქციელი და ის გამცნობთ იმის შესახებ, რასაც აკეთებდით.
*აბუ ბექირ ას-სიდდიყისგან გადმოგვცემენ, რომ მას უთქვამს: ეი, ხალხო! თქვენ კითხულობთ აიათს: ,,ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენ გაკისრიათ თქვენი თავის პასუხისმგებლობა. ვერას გავნებთ ის, ვინც გზააცდენილია, თუ თქვენ სწორ გზას დაადგებით''. უეჭველად, მე ალლაჰის შუამავლისგან ﷺ მოვისმინე, რომ ის ამბობდა: „უეჭველად, როდესაც ხალხი ხედავენ უსამართლო მჩაგვრელს და ხელს არ უშლიან მას, ძალიან ადვილი შესაძლებელია, რომ ალლაჰმა ყველა მათგანზე განავრცოს ამის სასჯელი.“ (თირმიზი, ფითან 8/2168.) აბუ უმეიე აშ-შა’ბანიი გადმოგვცემს: აბუ სა’ლაბა ალ-ხუშანიეს ვკითხე: ეი, აბუ სა’ლაბა! შენ როგორ განმარტავ შემდეგ აიათს: „თქვენ გაკისრიათ თქვენი თავის პასუხისმგებლობა“? მან მითხრა: ალლაჰს ვფიცავარ, შენ ზუსტად მცოდნეს კითხე ეს საკითხი. მე ამის შესახებ ალლაჰის შუამავალს ﷺ ვკითხე და მან მითხრა: „სიკეთისკენ მოუწოდეთ და უკეთურება დაგმეთ, ვიდრე იხილავთ ისეთ დროს, როდესაც ადამიანებს სიძუნწე დაიმონებს, ვნებებს აუყვებიან, ეს ქვეყანა ყველაფერს ერჩივნებათ და ყველა საკუთარი მოსაზრებით თავს მოიწონებს. ასეთ დროს შენი ვალია საკუთარი თავის მიხედვა. მოერიდე ხალხზე აყოლას. უეჭველად, წინ გაქვთ მოთმინების დღეები. მაშინ მოთმინება შიშველი ხელით ნაკვერჩხლის დაჭერას ჰგავს. იმ დროს ვინც სწორ საქციელს გამოავლენს, ის იმდენ მადლს მოიგებს, რამდენსაც იგივე საქციელით ორმოცდაათი კაცი.“ სხვა გადმომცემმა დამატებით თქვა: ვიღაცამ იკითხა: ო, ალლაჰის შუამავალო! თავიანთი დროის ორმოცდაათი კაცის ნამოქმედარი მადლის ტოლი? მან უპასუხა: „ორმოცდაათი თქვენთაგანის მადლის ტოლი.“ (აბუ დავუდ, მალაჰიმ 17/4341.) ჯუბეირ ბინ ნუფეირი გადმოგვცემს: ერთ-ერთ მეჯლისზე ვიმყოფებოდი, სადაც ალლაჰის შუამავლის ﷺ საჰაბეები იყვნენ. მე მათ შორის ყველაზე უმცროსი ვიყავი. მათ კეთილის მოწოდებასა და ბოროტის დაგმობაზე დაიწყეს საუბარი. ამ დროს მე ვთქვი: განა ალლაჰი ასე არ ამბობს თავის წიგნში: „ეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენ გაკისრიათ თქვენი თავის პასუხისმგებლობა, ვერას გავნებთ ის, ვინც გზააცდენილია – თუკი სწორ გზას დაადგებით“? ამაზე ყველამ ერთხმად მიპასუხეს: შენ ყურანიდან მოგყავს აიათი, რომლის შესახებ არაფერი იცი და არც მისი განმარტება გაგეგება?! ამის გამო ვინატრე, ნეტავ საერთოდ ხმა არ ამომეღო. მათ ისევ გააგრძელეს საუბარი. ბოლოს წასვლის წინ მითხრეს: შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ და მოგყავს აიათი, რომლის შესახებაც არაფერი იცი. ალბათ მოესწრები იმ დროს, როდესაც ნახავ სიძუნწის მონებს, ვნებებს აყოლილებს, და საკუთარი აზრით თავმომწონეებს; აი სწორედ ასეთ დროს შენი ვალია საკუთარ თავს მიხედო და მაშინ ვერას გავნებს ის, ვინც გზას ამცდარია, - თუკი სწორ გზას დაადგები. იხ. თაფსიირუ ტაბერი.

(98) ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა სიკვდილი გეახლებათ, ანდერძის მოწმე იყოს ორი სამართლიანი თქვენ შორის ან ორი არათქვენგანთაგანი, თუკი მგზავრად იმყოფებით და სიკვდილის უბედურება დაგატყდათ. თუ ეჭვი შეგეპარათ მათში, - ლოცვის შემდეგ შეაყოვნეთ ორივე მათგანი და ღმერთზე დაიფიცონ: ,,თუ რამის საფასურად გავყიდით მას, თუნდაც ნათესავთა სასარგებლოდ, და დავმალავთ ალლაჰის წინაშე დადებულ მოწმობას, მაშინ ჩვენ ცოდვილთაგან ვიყოთო''.

(99) ხოლო თუკი გამოაშკარავდა რომ ამ ორმა (ცრუმოწმობით) ცოდვა დაიმსახურეს, მაშინ სხვა ორნი დაიკავებენ მათ ადგილს, იმათგან, რომლებიც (მოანდერძესთან) სიახლოვის უპირატესობას ფლობენ და ალლაჰზე დაიფიცებენ, რომ ჩვენი მოწმობა უფრო სანდოა მათ მოწმობაზე და არ გავთელავთ მას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით უსამართლოთაგანიო.

(100) ეს უმჯობესია, რათა წესისამებრ აღსრულდეს მოწმობა ან ეშინოდეთ, რომ უარყოფილი იქნება მათი ფიცი, მას შემდეგ, რაც დაიფიცეს. მაშ, რიდი გქონდეთ ალლაჰისა და შეისმინეთ. ჭეშმარიტად, უღირს ხალხს არ დააკვალიანებს ალლაჰი ჭეშმარიტ გზაზე.

(101) ერთ დღესაც ალლაჰი შეკრებს შუამავლებს და კითხვაზე - ,,რა პასუხი მიიღეთ?'' - ეტყვიან: ჩვენ არანაირ ცოდნას არ ვფლობთ, ჭეშმარიტად, შენ ხარ უხილავთა უნაკლოდ მცოდნე!*
*განკითხვის დღეს ალლაჰი შუამავლებს ჰკითხავს, თუ რა პასუხი მიიღეს თავიანთი უმმეთებისგან, როდესაც ისინი ერთღმერთიანობისკენ მოიპატიჟეს. მათი ამგვარი პასუხი რამდენიმე მიზეზით აიხსნება: 1. შუამავალთა მოკრძალება, ყოვლის მცოდნე ალლაჰის წინაშე; 2. მათ თავიანთი უმმეთის მხოლოდ მცირედს მოესწრნენ, უფრო დიდი ნაწილი მათი გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა; 3. ისინი მორწმუნეებს მხოლოდ გარეგნული საქციელით ცნობდნენ, ხოლო მათ გულებში არსებული - უხილავი იყო მათთვის, რადგან ეს ალლაჰის გარდა არავინ იცის.

(102) როცა ალლაჰი იტყვის: ეი, ‘ისა, ძეო მერიემისა! გაიხსენე ჩემი წყალობა შენდამი და შენი დედის მიმართ, - როცა განგამტკიცე წმინდა სულით (ჯიბრილ ანგელოზით) და ელაპარაკე ხალხს აკვანშიც* და ზრდასრულ ასაკშიც;** როცა გასწავლე წიგნი*** და სიბრძნე,**** თევრათი და ინჯილი; როცა ჩემი ნებით თიხისგან ჩიტის ფორმას ძერწავდი, შემდეგ მასში სულს ბერავდი და ჩემივე ნებით ჩიტად იქცეოდა; ჩემი ნებითვე თანდაყოლილ ბრმებსა და კეთროვნებს კურნავდი; როცა მკვდრები ამოგყავდა (ცოცხლად, სამარიდან); როცა ისრაელის მოდგმა განგარიდე მაშინ, ცხადი მტკიცებულებებით რომ მიხვედი მათთან და ურწმუნოებმა თქვეს (მათგან): უეჭველად, ეს მხოლოდ აშკარა ჯადოა.
*ახალშობილმა ‘ისამ (عليه السلام) სასწაულებრივად ამოიდგა ენა და მარიამის უმწიკვლოება იღაღადა, ასევე, მან განაცხადა, რომ ის იყო ალლაჰის მსახური; რომ ალლაჰი მას წიგნს უბოძებდა და მაცნედ აღამაღლებდა. **ორიგინალი – „ქაჰლ“ (كهل): ეს სიტყვა ზრდისა და განვითარების დასასრულს მიღწეულ, ძალღონით სავსე ასაკობრივ პერიოდს გამოხატავს. არაბები ამ სიტყვით იმ ადამიანის ასაკობრივ მდგომარეობას აღნიშნავენ, ვინც 30-დან 40 წლამდე ასაკში იმყოფება. ზოგიერთი სწავლულის შეფასებით, „ქაჰლ“-ი 40-დან 50 წლამდე ასაკს გულისხმობს. აიათი გვამცნობს, რომ „ის ხალხს დაელაპარაკება როგორც აკვანში, ასევე ზრდასრულ ასაკშიც.“ სწავლულები რამდენიმე სავარაუდო განმარტბას გვთავაზობენ იმასთან დაკავშირებით, თუ რას შეიძლება მიგვანიშნებდეს ეს სიტყვები: 1. ღმერთმა ამით ‘ისას (عليه السلام) დედას, ანუ მარიამს ახარა, რომ მისი შვილი შუახნის ასაკამდე იცოცხლებდა; 2. ესაა მისი სამომავლო შუამავლობის წინასწარმეტყველება; 3. ეს აიათი გვესაუბრება სასწაულზე, მაგალითად, ჩვილის საუბარი ნამდვილად დიდი სასწაულია, ხოლო შუახნის ასაკში მყოფი ადამიანის საუბარი - ჩვეულებრივი მოვლენა, რომ არა – მისი ზეციდან დაშვება და ხალხის კვლავ ჭეშმარიტებისკენ მოწოდება. ‘ისა შუამავალი დაახლოებით 30 – 33 წლის ასაკში ამაღლდა, ხოლო ქაჰლის პერიოდი ამის შემდეგ იწყება. ***წერა-კითხვა. ****ცოდნის შემეცნების უნარი.

(103) აკი, შთავაგონე შენს მოწაფეებს, რომ გწამდეთ ჩემი და ჩემი შუამავლისა, და მათ თქვეს: ვირწმუნეთ, დაე დაამოწმე, რომ ჩვენ ვართ მუსლიმნი/მორჩილნი.

(104) აკი თქვეს მოწაფეებმა: ო, ‘ისა, ძეო მარიამისა! ჩვენთვის შენს ღმერთს ზეციდან სუფრის ჩამოვლინება შეუძლია? მან მიუგო: რიდი გქონდეთ ალლაჰისა, თუკი თქვენ ხართ მორწმუნენი.*
*იბნი აბბასი გადმოგვცემს: ‘ისა შუამავალმა ისრაელის შვილებს უთხრა: ალლაჰისთვის ოცდაათ დღეს თუ იმარხებთ და შემდეგ შეევედრებით, ალლაჰი ყველაფერს მოგცემთ, რასაც სთხოვთ. უეჭველად, მუშის ჯამაგირი მას ეკუთვნის, ვინც დაასაქმა იგი. ისრაელის შვილები ასეც მოიქცნენ და შემდეგ უთხრეს: ო, სიკეთის მასწავლებელო! უეჭველად, მუშის ჯამაგირი მას ეკუთვნის, ვინც დაასაქმა იგი. ოცდაათი დღე მარხვა გვიბრძანე და ჩვენც შევასრულეთ. ვინმესთან ოცდაათი დღე რომ გვემუშავა, აუცილებლად დაგვაპურებდა, როგორც კი მოვრჩებოდით. შენს ღმერთს ზეციდან ჩვენზე სუფრის ჩამოვლინება შეუძლია? ‘ისამ მიუგო: რიდი გქონდეთ ალლაჰისა, თუკი თქვენ ხართ მორწმუნენი. მათ უთხრეს: გვინდა რომ მივირთვათ მისგან, გულები დავიმშვიდოთ, ვიცოდეთ რომ ნამდვილად სიმართლეს გვეუბნები და ვიყოთ ამის მოწმენი. ამ დიალოგის შემდეგ ზეციდან მოფრინდნენ ანგელოზები და მოიტანეს სუფრა. სუფრაზე შვიდი თევზი და შვიდი პური ელაგა. ‘ამმარ ბინ იასირისგან გადმოცემის თანახმად კი აღნიშნულ სუფრაზე სამოთხის ხილიც ელაგა. იხ. თაფსირუ ტაბერი.

(105) თქვეს: გვინდა, რომ მივირთვათ მისგან, გულები დავიმშვიდოთ, ვიცოდეთ, რომ ნამდვილად სიმართლეს გვეუბნები და ვიყოთ ამის მოწმენი.

(106) მარიამის ძე ‘ისამ თქვა: ო, ალლაჰ, ღმერთო ჩვენო! ზეციდან სუფრა ჩამოგვივლინე, რომელიც იქნება დღესასწაული ჩვენთვის, როგორც პირველთა, ისე უკანასკნელთათვის, და სასწაული შენგან, მაშ, მოგვმადლე საზრდო, რამეთუ შენ ხარ საუკეთესო მსაზრდოებელი!

(107) ალლაჰმა უპასუხა: ჭეშმარიტად, მე ჩამოგივლენთ მას, მაგრამ ვინც ამის შემდეგაც არ ირწმუნებს, მას უთუოდ ისეთი სასჯელით დავსჯი, რომლის მსგავსითაც არავინ დამისჯია სამყაროში.

(108) როცა ეტყვის ალლაჰი: ეი, ‘ისა, ძეო მერიემისა! შენ უთხარი ხალხს, რომ მე და დედაჩემი ალლაჰის გარდა კიდევ ორ ღვთაებად აგვირჩიეთო? მიუგო: შენ ყოვლად უნაკლო ხარ! არ შემეფერებოდა იმის თქმა, რისი უფლებაც არ მაქვს. ეგ რომც მეთქვა, უთუოდ გეცოდინებოდა. შენ უწყი, რაცაა ჩემში, ხოლო მე არ ვიცი, რაცაა შენში. ჭეშმარიტად, შენა ხარ უხილავთა უნაკლოდ მცოდნე!

(109) არაფერი მითქვამს მათთვის, გარდა იმისა, რაც მიბრძანე, რომ თაყვანი ეცით ალლაჰსა, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთსო. მათი მოწმე ვიყავი, ვიდრე მათ შორის ვიყავი. ხოლო როცა მიმიბარე, შენ იყავი მათი მეთვალყურე. და შენ ხარ მოწმე ყოველივესი.

(110) თუკი მათ დასჯი, უეჭველად, შენი მსახურნი არიან; ხოლო თუ მიუტევებ,* ჭეშმარიტად, შენ ხარ ძლევამოსილი, ბრძენი.**
*ტაბერი ამ აიათის განმარტებისას წერს: თუკი მათ, – ვინც ასე მოიქცნენ, – ამ რწმენით მოაკვდინებ და დასჯი, „უეჭველად, შენი მსახურნი არიან“ და შენზე იქნებიან დამორჩილებულნი, იძულებულნი იქნებიან ჩაჰბარდენენ შენს გადაწყვეტილებას და ვერც თავის დაცვას შეძლებენ; ხოლო თუ სიკვდილამდე სწორ გზაზე დაადგენ, მონანიებას უწყალობებ და მიუტევებ, „ჭეშმარიტად, შენ ხარ ძლევამოსილი, ბრძენი.“ რამეთუ შენ ყოვლის შემძლე ხარ, დასჯი მას, ვისაც ინებებ, წინააღმდეგობას ვერავინ გაგიწევს; ასევე, შენ ხარ ბრძენი და უწყი, თუ ვინ იმსახურებს სწორ გზაზე დგომასა და მიტევებას. იხ. თაფსიირუ ტაბერი. **აბუ ზერრი გადმოგვცემს: ერთხელ გავიგონე ალლაჰის შუამავალი ﷺ ნამაზზე დილამდე ერთიდაიგივე აიათს კითხულობდა, ამავე აიათით ასრულებდა რუქუ’საც და სეჯდესაც. ეს აიათი იყო: „თუკი მათ დასჯი, უეჭველად, შენი მსახურნი არიან; ხოლო თუ მიუტევებ, ჭეშმარიტად, შენა ხარ ძლევამოსილი, ბრძენი.“ მას ვუთხარი: ო, ალლაჰის შუამავალო! შენ დილამდე ამ აიათს იმეორებდი. მან მითხრა: ღმერთს ჩემი უმმეთისთვის შეფაათი შევევედრე და მომეცა იგი. ის მხოლოდ მათ შეხვდებათ, ვისაც ალლაჰისთვის არაფერი თანაუზიარებიათ. (აჰმედ, ალ-მუსნედ, ჰ.ნ. 21328.)

(1) დიდება ალლაჰს, რომელმაც გააჩინა ცანი და დედამიწა, დაადგინა ნათელი და ბნელი. ურწმუნოები, ამის მიუხედავად, თავიანთ ღმერთს სხვებს უთანაბრებენ.

(2) იგია, ვინც თიხისგან გაგაჩინათ, შემდეგ დაადგინა აჯალი და მის წინაშეა აჯალი განსაზღვრული.* ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ მაინც ეჭვი გეპარებათ.
*ჰასან ალ-ბასრის, ყათადესა და დაჰჰაქის განმარტებით, პირველი აჯალი არის დაბადებიდან სიკვდილამდელი, ხოლო მეორე აჯალი - სიკვდილიდან აღდგომამდე დროის მონაკვეთი. მათი ეს განმარტება იბნი აბბასი შემდეგ სიტყვებს ეყრდნობა: ყველა ადამიანს აქვს ორი აჯალი: აჯალი დაბადებიდან სიკვდილამდე და აჯალი სიკვდილიდან აღდგომამდე. თუკი ის იქნება კეთილი, ღვთისმოშიში და ნათესაური ურთიერთობების გამგრძელებელი, მას აღდგომის აჯალიდან ამქვეყნიური სიცოცხლის აჯალზე დაემატება; ხოლო თუკი ცოდვილი და ნათესაური ურთიერთობების გამწყვეტი იქნება, მაშინ ამქვეყნიური სიცოცხლის აჯალიდან აღდგომის აჯალზე დაემატება. მუჯაჰიდისა და სა’იიდ ბინ ჯუბეირის განმარტების თანახმად, პირველი აჯალი არის ამქვეყნიური ცხოვრებისთვის განსაზღვრული დრო; ხოლო მეორე აჯალი - იმქვეყნიური ცხოვრებისთვის განსაზღვრული დროა. იხ. თაფსიირუ ბაღავი.

(3) იგია ალლაჰი ცათა შინა და ქვეყანაზე*, იცის თქვენი ფარულიც და ცხადიც, ასევე იცის, რასაც თქვენ მოიხვეჭთ.
*იგი ერთადერთი ჭეშმარიტი სათაყვანებელია ქვეყანაზეც და ზეცაშიც.

(4) მათ თავიანთი ღმერთის აიათთაგან/სასწაულთაგან, რა აიათიც/სასწაულიც მიუვიდათ, ყველასგან პირი იქციეს.

(5) მართლაც ცრუდ შერაცხეს ჭეშმარიტება, როდესაც მათ მიუვიდათ, თუმცა შემდეგ მიუვათ ამბავი იმისა, რასაც აბუჩად იგდებდნენ.

(6) ნუთუ ვერ ხედავენ, თუ რამდენი თაობა გაგვინადგურებია მათზე ადრე, რომლებსაც ამქვეყნად ისეთი საშუალებები ვუბოძეთ, რაც თქვენთვის არ გვიბოძებია; ზეციდან უხვი ნალექი ჩამოვუვლინეთ და მდინარეები დავადგინეთ მათ ქვემოთ მდენი, შემდეგ თავიანთი ცოდვების გამო გავანადგურეთ და მათ შემდეგ სხვა თაობა გავაჩინეთ.

(7) თუნდაც ფურცელზე დაწერილი წიგნი ჩამოგვევლინა შენთვის და თავიანთი ხელებით შეხებულიყვნენ, მაინც იტყოდნენ ისინი, – ვინც არ ირწმუნეს, – რომ ეს მხოლოდ აშკარა ჯადოაო.*
*ქელბისა და მუყათილის განმარტების თანახმად, ეს აიათი ნადრ ბინ ალ-ჰარისის, აბდულლაჰ ბინ ბანი უმეიასა და ნავფალ ბინ ჰუდაირის შესახებ ჩამოევლინა. მათ თქვეს: ო, მუჰამმედ! მანამდე არ დაგიჯერებთ, ვიდრე ალლაჰისგან წიგნს არ მოგვიტან, რომელსაც ოთხი ანგელოზი ეხლება და დაამოწმებენ, რომ ეს წიგნი ალლლაჰისგანაა და შენ მისი შუამავალი ხარო. იხ. თაფსიირუ ბაღავი.

(8) მათ თქვეს: ნუთუ ანგელოზი არ უნდა ჩამოვლენილიყო მასთან? მასთან რომ ანგელოზი ჩამოგვევლინა, მაშინ უთუოდ გადაწყდებოდა მათი საქმე და შემდეგ აღარც ედროვებოდათ*.
*როდესაც ურწმუნოები ითხოვდნენ სასწაულს და მისი აღსრულების მიუხედავად მაინც ჯიუტად აგრძელებდნენ ურწმუნოებას, მათ ყოველთვის გამანადგურებელი სასჯელი ეწეოდათ. ამ აიათშიც ალლაჰი სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ მუჰამმედ შუამავალთან ﷺ მათთვის ხილული ანგელოზებიც რომ ჩამოგვევლინა, ისინი მაინც არ ირწმუნებდნენ, ამიტომ მათი განადგურების საქმე მაშინვე გადაწყდებოდა, არც მონანიების და არც თავის მართლების დრო აღარ მიეცემოდათო.

(9) თუნდაც ანგელოზად დაგვედგინა იგი, უთუოდ კაცად დავადგენდით* და მაინც იგივე მდგომარეობაში აღმოვაჩენდით, რა მდგომარეობაშიც ახლა იმყოფებიან.**
*მათთვის ანგელოზიც რომ წარგვეგზავნა, მასაც ადამიანის ფორმით წარვგზავნიდით, რადგანაც ადამიანებს არ შეუძლიათ ანგელოზების ხილვა თავიანთი ნამდვილი ფორმით. **როგორც ახლა ამბობენ, როგორ გავიგოთ, შენ მართლაც ალლაჰის შუამავალი ხარ თუ ერთი ჩვეულებრივი ჩვენგანიო, მაშინაც იმას იტყოდნენ - როგორ გავიგოთ, შენ მართლაც ანგელოზი ხარ თუ ადამიანიო.

(10) უეჭველად, შენზე ადრეც აიგდეს მასხრად შუამავლები, შემდეგ ვინც მათ დასცინოდნენ, – იმითვე იქმნენ შეპყრობილი, რისთვისაც დასცინოდნენ.*
*თვითონვე აღმოჩნდნენ სასაცილო მდგომარეობაში და ეს იყო მათი სასჯელი შუამავალთა დაცინვის გამო.

(11) უთხარი: ჩამოიარეთ დედამიწაზე და დაინახეთ, თუ რა ბედი ეწიათ ცრუდ შემრაცხველებს.

(12) უთხარი: ვისია ის, რაცაა ცათა შინა და დედამიწაზე? უპასუხე: ალლაჰისაა, მან მოწყალეობა თავის ვალად სცნო. ვფიცავ, რომ ის მართლაც შეგკრებთ განკითხვის დღეს, რომელშიც ეჭვი არ არის. ხოლო რომელთაც საკუთარ სულებს ავნეს (ურწმუნოებით), ისინი მაინც არ ირწმუნებენ.

(13) მისია ყოველი, რაც მკვიდრობს ღამით და დღისით; და ისაა ყოვლისმსმენელი, ყოვლისმცოდნე.

(14) უთხარი: განა ალლაჰის გარდა სხვას ავირჩევ მფარველად – გამჩენისა ცათა და დედამიწის? და იგია დამპურებელი, ხოლო თვითონ არ საჭიროებს დაპურებას. უთხარი: ჭეშმარიტად, მე მებრძანა, რომ პირველი ვიყო, ვინც დაემორჩილა და არ იყო წარმართთაგანიო.

(15) უთხარი: ჭეშმარიტად, მე ვშიშობ, რომ თუ ვეურჩები ჩემს ღმერთს, თავს დამატყდება უდიდესი დღის სასჯელი.

(16) იმ დღეს, ვინც იქნება მისგან* განრიდებული, მას (ალლაჰი) მართლაც შეიწყალებს და ეს იქნება ცხადი წარმატება.
*სასჯელისგან.

(17) თუკი ალლაჰმა უკეთურება შეგამთხვია, მის გარდა ვერავინ აგარიდებს; ხოლო თუკი სიკეთე შეგამთხვია, იგია ყოვლის შემძლე.*
*იბნი აბბასი გადმოგვცემს: ერთ დღეს, შესაჯდომ პირუტყვზე ალლაჰის შუამავალის ﷺ უკან ვიჯექი და მითხრა: ეი, ახალგაზრდა! რამდენიმე სიტყვით მინდა დაგარიგო: ალლაჰი (მისი ბრძანებები და აკრძალვები) დაიცავი, რომ მანაც შენ დაგიცვას. დაიცავი ალლაჰი, რომ საითაც მიბრუნდები, იქ ჰპოვო იგი. თუ რამე სათხოვარი გექნება, ალლაჰს სთხოვე. თუკი დახმარება გჭირდება, ალლაჰს შეევედრე. იცოდე, რომ მთელი კაცობრიობა შენს სასარგებლოდ რომ გაერთიანდეს, ვერაფერს გარგებენ იმაზე მეტს, რაც ალლაჰს შენთვის დაუწერია; ასევე, მთელი კაცობრიობა რომ შენს წინააღმდეგ გაერთიანდეს, ვერაფერს გავნებენ იმაზე მეტს, რაც ალლაჰს შენთვის დაუწერია, (ბედისწერის ჩამწერი) კალმები აყრილია და ფურცლები გამშრალია. (თირმიზი, ჰ.ნ. 2516.)

(18) ის არის ძლევამოსილი, თავის მსახურებზე ყოვლად ამაღლებული და იგია ბრძენი, ყოვლისმცოდნე.

(19) უთხარი: რომელია ყველაზე დიდი მოწმობა? ასევე, უთხარი, რომ ჩემ და თქვენ შორის ალლაჰია მოწმე*, და ეს ყურანი ზეშთამეგონა, რათა მისით გაგაფრთხილოთ თქვენ და ისინი, ვისთანაც მიაღწევს.** თქვენ მართლაც ამოწმებთ, რომ ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაებებიც არსებობს?*** უთხარი: მე არ ვამოწმებ! უთხარი: ჭეშმარიტად, ის ერთადერთი ღმერთია და უეჭველად, მე შორს ვარ იმისგან, რასაც უთანაზიარებთ!
*ქალბი გადმოგვცემს: მექქელი წარმართები ალლაჰის შუამავალთან ﷺ მივიდნენ და უთხრეს: აბა ვინ ამოწმებს, რომ შენ ალლაჰის შუამავალი ხარ? ვერავის ვპოულობთ ისეთს, ვინც შენს შუამავლობას დაამოწმებს. ჩვენ იუდეველებსა და ქრისტიანებსაც ვკითხეთ შენზე, თუმცა მათ თავიანთ წმინდა წერილში ვერაფერი ჰპოვეს შენს შესახებ. ამის შემდეგ ალლაჰმა ჩამოავლინა: „უთხარი: რომელია ყველაზე დიდი მოწმობა?“ თუ ვერ გიპასუხეს, უპასუხე: „ჩემსა და თქვენს შორის ალლაჰია მოწმე.“ იხ. თაფსირუ ბაღავი. **მუჰამმედ ბინ ქა’ბ ალ-ყურაზი გადმოგვცემს: „ვისთანაც ყურანი მიაღწევს, მან თითქოს თვითონ შეხვდა მაცნეს (და მისგან მოისმინა).“ იხ. თაფსირუ ტაბერი. აბდულლაჰ ბინ ამრი გადმოგვცემს, რომ მაცნემ ﷺ თქვა: „ჩემგან (სხვებს) გადაეცით – თუნდაც ერთი აიათი. ასევე, შეგიძლიათ გადმოსცეთ ისრაელის მოდგმისგან, ეს არ არის ცოდვა; ხოლო ვინც ჩემს შესახებ შეგნებულად იცრუოს, მან (ჯოჯოხეთის) ცეცხლში თავისი ადგილსამყოფელი აირჩიოს.“ (ბუხარი, ჰ.ნ. 3461.) ***ყურეიშელი წარმართები ალლაჰის შუამავალთან ﷺ მივიდნენ და უთხრეს: ო, მუჰამმედ! არ იცი, რომ ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაებებიც არსებობს? მან უპასუხა: არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა! მე ამით ვარ წარმოგზავნილი და ამასვე მოვუწოდებ. ამის შემდეგ ალლაჰმა ეს აიათი ჩამოავლინა. იხ. თაფსირუ ტაბერი.

(20) ვისაც წიგნი ვუბოძეთ, ისე იცნობენ მას (მუჰამმედს), როგორც იცნობენ საკუთარ შვილებს. რომელთაც თავიანთი სულები წარიწყმიდეს, ისინი არ ირწმუნებენ.

(21) მაშ, ვინაა იმაზე უსამართლო, ვინც სიცრუეს თხზავს* ალლაჰზე ან ცრუდ მიიჩნევს მის აიათებს? უეჭველად, ვერ გადარჩებიან უსამართლონი.
*ვინაა იმაზე დიდი ურწმუნო, ვინც ალლაჰს უთანაზიარებს ვინმეს, ვინც თხზავს, რომ ალლაჰს მოზიარე ჰყავს.

(22) იმ დღეს მათ ყველას ერთად შევყრით და ვეტყვით მათ, რომლებიც უთანაზიარებდნენ: სად არიან ჩემი თანაზიარნი, რომლებიც თქვენ მომიჩინეთ?*
*რომლებიც ღვთის თანასწორებად და თანამოზიარეებად მიგაჩნდათ.

(23) შემდეგ სხვა ვერაფერს მოიმიზეზებენ, გარდა იმისა, რომ იტყვიან: ჩვენს ღმერთს, ალლაჰს ვფიცავთ, რომ ჩვენ არ ვიყავით წარმართები!

(24) ნახე, როგორ ცრუობენ საკუთარ სულთა წინააღმდეგ და განუდგნენ მათ, რასაც თხზავდნენ* (ღმერთებად რაცხავდნენ).
*კერპები ვერაფერს უშველიან თავიან თაყანისმცემლებს.

(25) და მათგან არიან ისეთებიც, რომლებიც გისმენენ, მაგრამ მათ გულებს საბურველი გადავაფარეთ, რათა ვერ გაიგონ, ყურებშიც სიმძიმე დავუგუბეთ: თუნდაც ყველა აიათი/სასწაული იხილონ, მაინც რომ არ ირწმუნონ*; უფრო მეტიც, შენთან თუ მოვლენ ისინი, ვინც არ ირწმუნეს, კამათს დაგიწყებენ და იტყვიან : უეჭველად, ეს მხოლოდ წინაპართა ზღაპრებიაო.
-*ალლაჰმა ისინი ამგვრად დასაჯა მათი ხანგრძლივი ურჩობის გამო, და იმის გამოც, რომ მან იცის, რომ ისინი ვერ ირწმუნებენ.

(26) ამგვარად, ისინი მისგან სხვებს აბრკოლებენ და თვითონაც შორდებიან მას; ასე მხოლოდ საკუთარ სულებს ანადგურებენ და ვერც კი ხვდებიან.

(27) ნეტავ გენახა, როდესაც ცეცხლის წინაშე დააყენებენ და იტყვიან: ,,ოჰ, ნეტავ უკან დავბრუნდებოდეთ და ცრუდ აღარ შევრაცხავდეთ ჩვენი ღმერთის აიათებს და ვიქნებოდეთ მორწმუნეთაგანი''.

(28) არა! მათ უკვე გაეცხადათ იგი, რასაც მანამდე* მალავდნენ; რომც დააბრუნონ, ეგენი მაინც იმას დაუბრუნდებიან, რაც ეკრძალებოდათ. უეჭველად, ეგენი მატყუარები არიან.
*დედამიწაზე ყოფნისას.

(29) და თქვეს: ჩვენი სიცოცხლე მხოლოდ ამქვეყნიურია და არც მკვდრეთით აღვდგებით ჩვენ.
*არსებობს ამ აიათის განმარტების ორი ვერსია: 1. ისინი გარდაცვალებამდე ამბობდნენ ასე, უარყოფდნენ იმქვეყნიურ ცხოვრებას და განკითხვას. 2. გარდაცვალების შემდეგ, ამქვეყნად დაბრუნების საშუალება რომ მიეცეთ, მაინც ასე იტყვიან, რადგანაც მატყუარები არიან და სიტყვას არ უპატრონებენ. იხ: თაფსიირუ ტაბარი.

(30) ნეტავ გენახა, როდესაც თავიანთი ღმერთის წინაშე დააყენებენ და ეტყვის: განა ეს არ არის ჭეშმარიტება?* ისინი ეტყვიან: დიახ, ჩვენს ღმერთს ვფიცავთ. ისიც ეტყვის: მაშ, იგემეთ სასჯელი იმის, რასაც უარყოფდით.
*სიკვდილის შემდეგ გაცოცხლება და განკითხვა, რასაც თქვენ უარყოფდით.

(31) მართლაც წაწყმედილან ისინი, რომელნიც ცრუდ თვლიდნენ ალლაჰთან შეხვედრას, ვიდრე არ მოუსწრებდათ ჟამი უეცრად და არ იტყოდნენ: „ვაი, ჩვენდა, იმ დაუდევრობის გამო, რაც იქ ჩავიდინეთ!“ – თანაც ზურგით ეზიდებიან თავიანთ ცოდვებს. რაოდენ ცუდია იგი, რაც მათ უტვირთავთ!

(32) თამაშისა და გართობის გარდა სხვა არაფერია წუთისოფელი; ხოლო ისქვეყანა უმჯობესია მათთვის, ვინც ღვთისმოშიშია. ნუთუ გონებას არ მოუხმობთ?

(33) რათქმაუნდა ვიცით, რომ დიდად გამწუხრებს, რასაც ისინი (შენ შესახებ) ამბობენ. მაგრამ, ჭეშმარიტებაა, რომ (სინამდვილეში) შენ კი არ გრაცხავენ ცრუდ, არამედ ალლაჰის აიათებს უარყოფენ უსამართლონი*
*‘ალი გადმოგვცემს, რომ აბუ ჯაჰილმა უთხრა მაცნეს ﷺ: უეჭველად, ჩვენ ცრუდ არ მიგიჩნევთ, არამედ ჩვენ ცრუდ მიგვაჩნია ის, რითაც შენ მოხვედი. ამასთან დაკავშირებით უზენაესმა ალლაჰმა ეს აიათი ჩამოავლინა. (თირმიზი, თაფსიირ, ჰ.ნ. 3064.)

(34) უეჭველად, შენამდეც ცრუდ შერაცხულან შუამავალნი, მათ კი მოთმინება გამოუჩენიათ ცრუდ შერაცხვისა და შევიწროების წინაშე, ვიდრე ჩვენი შეწევნა არ მიუვიდათ. არ არსებობს შემცვლელი ალლაჰის სიტყვებისა. ჭეშმარიტად, შენ მოგივიდა ამბავი შუამავალთა.

(35) თუ გიმძიმს მათგან შენ მიმართ ზურგის შექცევა, მაშინ ეცადე, თუ გძალუძს, ხვრელი იპოვო მიწის სიღრმეებისკენ ან კიბე - ზეცით აღმართული, რათა მათ სასწაული მიუტანო. ალლაჰს რომ ენება, აუცილებლად შეკრებდა მათ ჭეშმარიტ გზაზე. ასე რომ, ნუ იქნები უმეცართაგანი!*
*ალლაჰის შუამავალი ﷺ ძალიან წუხდა და ნერვიულობდა იმის გამო, რომ ხალხს არ სჯეროდა მის მიერ ნაქადაგები სარწმუნოებისა. უზენაესმა ალლაჰმა ამ აიათით შეაგონა, რომ მისი ძალისხმევითა და ნერვიულობით ვერავინ დაადგებოდა ჭეშმარიტ გზას – თუკი არ იქნებოდა ალლაჰის ნება. ამიტომ უმჯობესი იყო მოთმინება გამოეჩინა, რათა მას არ შეეფერებოდა ამ ჭეშმარიტების არმცოდნის მსგავსად მოქცევა.

(36) (შენს მოწოდებას) ყურად იღებენ მხოლოდ ისინი, რომელნიც ისმენენ; ხოლო მკვდრებს ალლაჰი აღადგენს მკვდრეთით და შემდეგ მასთან იქნებიან მიბრუნებულნი.*
*აიათში - „ყურად იღებენ მხოლოდ ისინი, რომელნიც ისმენენ“ - მორწმუნეები იგულისხმება, რომლებმაც შეისმინეს ჭეშმარიტება და მიიღეს ერთგული მორჩილებით, ხოლო მკვდრებში - ურწმუნოები იგულისხმებიან, რომელთა სმენა და ხედვა მკვდარია ჭეშმარიტების მიმართ.

(37) და თქვეს: განა ერთი სასწაულიც არ უნდა ჩამოვლენილიყო მასზე მისივე ღმერთისგან? უთხარი: ჭეშმარიტად, ალლაჰს ძალუძს, რომ სასწაული ჩამოავლინოს, თუმცა მათმა უმრავლესობამ არ იცის.*
*მათმა უმრავლესობამ არ იცის, რომ ალლაჰი ყოვლის შემძლეა და არც ის იცის, თუ რა პასუხისმგებლობები მოჰყვება სასწაულის მოხდენას: თუკი სასწაულის ხილვის მიუხედავად თავიანთ სიჯიუტეს არ მოიშლიდნენ და მაინც არ ირწმუნებდნენ, მაშინ აუცილებლად ღვთის რისხვა დაატყდებოდათ თავს.

(38) არ არსებობს დედამიწაზე ისეთი ცხოველი; ან ფრინველი, რომელიც თავისი ფრთებით დაფრინავს, - რომ თქვენ მსგავსად თემებად არ იყვნენ (დაყოფილი). ჩვენ წიგნში არაფერი გამოგვრჩენია, შემდეგ თავიანთი ღმერთის წინაშე იქნენ შეკრებილნი.

(39) ხოლო რომელთაც ცრუდ მიიჩნიეს ჩვეი აიათები, - ყრუნი და მუნჯნი არიან ბნელეთში.* ალლაჰი, ვისაც ინებებს, მას ააცდენს (სწორი) გზიდან და ვისაც ინებებს, მას დააყენებს სწორ გზაზე.
*ყრუნი არიან - არ შეისმენენ ჭეშმარიტებას; მუნჯნი არიან - არ წარმოთქვამენ ჭეშმარიტ სიტყვას, და უმეცრების ბნელეთში იმყოფებიან.

(40) უთხარი: აბა მითხარით, თუკი ალლაჰის სასჯელი გეწიათ ან (ქვეყნიერების დაქცევის) ჟამი დაგიდგათ, მაინც სხვას დაუწყებთ ვედრებას, ნაცვლად ალლაჰისა, – თუ ხართ ნამდვილად გულწრფელნი?

(41) არა, - მხოლოდ მას შეევედრებით, და თუ ინებებს, გიხსნით იმ მდგომარეობიდან, რისთვისაც მას ევედრებით და დაივიწყებთ იმათ, რასაც უთანაზიარებდით.

(42) ჭეშმარიტად, შენამდე ჩვენ სხვადასხვა ხალხთან წარვგზავეთ შუამავლები და შევიპყარით ისინი სირთულეებითა და უბედურებებით*, – რომ იქნებ თავდამცირებით შევედრებულიყვნენ.
*მაგ:სიღატაკით და სხვა და სხვა დაავადებებით.

(43) მაშინ ხომ მაინც უნდა შემვედრებოდნენ თავდამცირებით, – როდესაც ჩვენგან სირთულე ეწვიათ? თუმცა გულები გაუქვავდათ და სატანამ მოუკაზმა იგი, რასაც სჩადიოდნენ.

(44) როდესაც დაივიწყეს იგი, რითაც იყვნენ შეგონებული*, მაშინ გავუხსენით ყველაფრის კარები; და როცა გაიხარეს იმით, რაც მათ მიეცათ, – მოულოდნელად შევიპყარით და მაშინვე გახდნენ იმედგაცრუებული.
*სიღატაკე და ავადმყოფობა

(45) ასე ამოიძირკვა იმ ხალხის მოდგმა, ვინც უსამართლობას ეწეოდა; ქება-დიდება ალლაჰს, - ღმერთს სამყაროთა.

(46) უთხარი: როგორ ფიქრობთ, ალლაჰმა რომ სმენა და მხედველობა წაგართვათ და ბეჭედი დაგასვათ გულებზე, - რომელი ღვთაება დაგიბრუნებთ მას, გარდა ალლაჰისა? შეხედე რა ნაირ-ნაირად ვმარტავთ აიათებს, შემდეგ კი მაინც პირს იბრუნებენ ეგენი.

(47) უთხარი: როგორ ფიქრობთ, უეცრად ან აშკარად რომ ალლაჰის სასჯელი გეწვიოთ, განა უსამართლო ხალხის გარდა ვინმე სხვა დაიღუპება?!

(48) არ წარვგზავნით ჩვენ შუამავლებს, თუ არა მახარობლებლად და გამფრთხილებლებლად, ხოლო ვინც ირწმუნა და გამოასწორა (ძველი ურწმუნოება), – მათთვის არც შიში იქნება და არც დამწუხრება.*
*მათ არც იმქვეყნად მოელით საშიშროება, და არც იმისთვის დამწუხრდებიან, რაც დათმეს ამქვეყნად.

(49) ხოლო მათ, რომელთაც ცრუდ მიიჩნიეს ჩვენი აიათები/სასწაულები, სწორედ მათ შეეხებათ სასჯელი იმისა, რასაც ზღვარგადასულობდნენ.

(50) უთხარი: მე თქვენ არ გეუბნებით, რომ ჩემთანაა ალლაჰის საუნჯენი, არც უხილავის შესახებ ვიცი და არც იმას გეუბნებით, რომ მე ვარ ანგელოზი. მე მხოლოდ იმას მივყვები, რაც ზემევლინება. უთხარი: განა თანასწორია ბრმა და მხედველი?* ნუთუ არ დაფიქრდებით?
*განა თანასწორია ურწმუნო, რომელიც ბრმაა ალლაჰის აიათების მიმართ და მორწმუნე, რომელიც ალლაჰის აიათებში ჭეშმარიტებას ხედავს?

(51) და მისით* გააფრთხილე ისინი, რომელთაც ეშინიათ, რომ შეკრება მოუწევთ თავიანთი ღმერთის წინაშე და მის გარდა არც დამხმარე ეყოლებათ და არც ქომაგი, – იქნებ რიდი ჰქონდეთ მათ.
*ყურანით.

(52) და არ განდევნო ისინი, რომლებიც დილა-საღამ თავიანთ ღმერთს ევედრებიან და მისი (კმაყოფილი) სახე სურთ. მათი ანგარიშიდან შენ არაფერი დაგეკისრება და არც მათ დაეკისრებათ შენი ანგარიშიდან რამე. თუკი განდევნი მათ, მაშინ შენ იქნები უსამართლოთაგანი.*
*ხაბბაბი გადმოგვცემს: ერთ დღეს აყრა’ ბინ ჰააბის ათ-თამიიმიი და ‘უეინე ბინ ჰისნ ალ-ფაზარიი მოვიდნენ და ნახეს, რომ ალლაჰის შუამავალი ﷺ სუჰეიბის, ბილალის, ‘ამმარის, ხაბბაბისა და მსგავს მორწმუნეთაგან უბრალო ადამიანებს შორის ზის. როდესაც ისინი შუამავლის ﷺ ირგვლივ დაინახეს, იუკადრისეს. ბოლოს მიუახლოვდნენ, მასთან განმარტოვდნენ და უთხრეს: ჩვენ გვინდა, რომ ჩვენთვის ცალკე სხდომები მოაწყო, რომლითაც მთელი არაბები ჩვენს უპირატესობას გაეცნობა. შენთან არაბთა სხვადასხვა წარმომადგენლები მოვლენ და ჩვენ შეგვრცხვება, თუკი ამ მონებთან ერთად გვიხილეს. როდესაც ჩვენ მოვალთ, ისინი შენგან განარიდე და როცა წავალთ, მათთან ერთად მერე დაჯექი, თუკი ინებებ. შუამავალმა ﷺ (მათი გამუსლიმანების დიდი სურვილის გამო) უპასუხა: დიახ. მათ უთხრეს: ამის დამამოწმებლად რამე წერილი დაგვიწერე. შუამავალმა ﷺ ქაღალდი ითხოვა და ‘ალი დაიბარა, რათა მისთვის წერილი დაეწერა; ჩვენ ამ დროს მოშორებით ვიჯექით. ჩამოვიდა ჯიბრილ ანგელოზი და შემდეგი აიათი წაუკითხა: „და არ განდევნო ისინი, რომლებიც დილა-საღამ თავიანთ ღმერთს ევედრებიან და მისი (კმაყოფილი) სახე სურთ. მათი ანგარიშიდან შენ არაფერი დაგეკისრება და არც მათ დაეკისრებათ შენი ანგარიშიდან რამე. თუკი განდევნი მათ, მაშინ შენ იქნები უსამართლოთაგანი.“ შემდეგ აყრა’ ბინ ჰააბისი და ‘უეინე ბინ ჰისნი ახსენა და ეს აიათი წაიკითხა: „ამგვარად, გამოვცადეთ ზოგიერთი მათგანი ზოგიერთით, რომ ეთქვათ: ნუთუ ალლაჰმა ამათ მიჰმადლა სიკეთე – ჩვენ შორის? განა ალლაჰი უკეთ არ უწყის მადლიერთ?“ შემდეგ წაიკითხა: „და როდესაც შენთან მოვლენ ისინი, რომელთაც სწამთ ჩვენი აიათები/სასწაულები, უთხარი: მშვიდობა თქვენდა! თქვენმა ღმერთმა საკუთარ თავს მოწყალება დაუწერა.“ ამის შემდეგ ჩვენ მასთან იმდენად ახლოს ვსხდებოდით, რომ ჩვენი მუხლები მის მუხლებს ეხებოდა და ალლაჰის შუამავალი ﷺ სულ ჩვენთან ერთად იჯდა. როდესაც წასვლას დააპირებდა, ადგებოდა და ჩვენ გვტოვებდა. მერე ალლაჰმა შემდეგი აიათი ჩამოავლინა: „მოთმინებით დაჰყავი მათ გვერდით, რომლებიც დილა-საღამ თავიანთ ღმერთს ევედრებიან და მისი (კმაყოფილი) სახე სურთ. ამქვეყნიური ცხოვრების მიმზიდველობის გამო თვალი არ მოარიდო მათ. (დიდებულებთან არ დაჯდე) და არ დაჰყვე მას, ვისი გულიც უგულისყუროდ მოვაკიდეთ ჩვენს გახსენებას, (ანუ ‘უეინა ალაყრა’ის) საკუთარ სურვილებს აჰყოლია და მისი საქმე ზღვარს გადასულა.“ (ქეჰფ, 18/28.) ანუ ‘უეინა ალ-აყრა’ის საქმე დამღუპველია. შემდეგ ალლაჰმა ორი კაცისა და ამქვეყნიური ცხოვრების მაგალითად იგავი მოიყვანა (ანუ სურა ქეჰფის 32-44 აიათებში). ხაბბაბმა გააგრძელა: მას შემდეგ ჩვენ სულ მაცნესთან ﷺ ერთად ვისხედით, ხოლო როდესაც მისი წასვლის დრო მოვიდოდა, ჯერ ჩვენ წავიდოდით და მას მარტოდ ვტოვებდით, რომ თვითონაც წასულიყო. (იბნი მააჯე, ზუჰდ 7/4127.)

(53) ამგვარად, გამოვცადეთ ზოგიერთი მათგანი ზოგიერთით,* რომ ეთქვათ: ნუთუ ჩვენ შორის ალლაჰმა მხოლოდ ამათ მიჰმადლა სიკეთე? განა ალლაჰი უკეთ არ უწყის მადლიერთ?
*ანუ გამოვცადეთ მდიდარი ღარიბით და ძლიერი სუსტით. შუამავალთა მოწოდებას პირველად ყოველთვის საზოგადოების დაბალი ფენა ღებულობდა და ისინი რწმენის მიმართ უფრო მეტი ერთგულებით გამოირჩევოდნენ. როდესაც მექქის მდიდრები და ძლიერები ხედავდნენ, რომ შუამავლის მოწოდება ძირითადად ღარიბებმა და სუსტებმა მიიღეს და რწმენით მათ გაუსწრეს, – ამბობდნენ: ნუთუ ღმერთმა ამათზე მოიღო სიკეთე, გამოარჩია და რწმენით დააჯილდოვა, როდესაც ჩვენ გაცილებით უპირატესნი ვართო.

(54) და როცა მოვლენ შენთან ისინი, რომელთაც სწამთ ჩვენი აიათები/სასწაულები, უთხარი: მშვიდობა თქვენდა! თქვენმა ღმერთმა საკუთარ თავს მოწყალება დაუწერა. ამგვარად, ვინც უკეთურებას იქმს უვიცობით, მერე კი მოინანიებს და შემდეგ გამოსწორდება, - ჭეშმარიტად, იგი უსაზღვროდ მპატიებელია, მოწყალეა!

(55) ასე დაწვრილებით განვმარტავთ აიათებს, - ცოდვილთა გზა რომ გამოაშკარავდეს.

(56) უთხარი: უეჭველად, ამეკრძალა მე, თაყვანი ვცე იმათ, რასაც თქვენ ევედრებით, ნაცვლად ალლაჰისა. უთხარი: არ ავუყვები თქვენს გემოვნებას, რადგან ნამდვილად ავცდები ჭეშმარიტ გზას და მე არ ვიქნები სწორ გზაზე მდგომთაგანი.

(57) უთხარი: ჭეშმარიტად, მე ჩემი ღმერთისგან მოვლენილ ცხად მტკიცებულებებს ვეყრდნობი, თქვენ კი მას უარყოფთ; მე არ ვფლობ იმას, რასაც თქვენ ჩქარობთ.* გადაწყვეტილება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის, ის მოგითხრობთ ჭეშმარიტების შესახებ და იგია კარგი განმცალკევებელი.**
*ურწმუნოები შუამავალს ﷺ ქვების გაწვიმებას და ქვეყნიერების დაქცევის ჟამის დაჩქარებას სთხოვდნენ. **სამართლიანი გადაწყვეტილებით განაცალკევებს ჭეშმარიტებასა და სიცრუეს.

(58) უთხარი: მე რომ ვფლობდე იმას, რასაც თქვენ ჩქარობთ, მაშინ უთუოდ გადაწყდებოდა საქმე ჩემსა და თქვენს შორის, ხოლო ალლაჰმა უკეთ იცის უსამართლონი.

(59) და მასთანაა უხილავის გასაღებნი,* მის გარდა იგი არავინ იცის, მან იცის, რაცაა ხმელეთზე და ზღვაში, ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდება ისე, რომ მან არ იცოდეს. ერთი მარცვალიც კი არ არსებობს დედამიწის ჯურღმულებში, – არც ნედლი და არც ხმელი, – რომ ცხად წიგნში არ იყოს გაცხადებული.**
*ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „უხილავთა გასაღები ხუთია: ჭეშმარიტად, ალლაჰი ფლობს ქვეყნიერების დაქცევის საათის ცოდნას, ის ჩამოავლენ წვიმას, მან იცის, რაც არის საშვილოსნოებში, ვერცერთი სული ვერ გაიგებს, თუ რას მოიგებს ხვალ და ვერცერთი სული ვერ მიხვდება, თუ რომელ მიწაზე დაიღუპება. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლის მცოდნე და მცნობელია.“ (ბუხარი, თაფსიირ ჰ.ნ. 4627.) **ალლაჰის წინაშე დაცული დედა წიგნი, რომელშიც დასაბამიდან დასარულამდე მთელი სამყაროს შესახებ ყველანაირი ინფორმაციაა აღრიცხული, მათ შორის ადამიანთა ბედისწერა, მოსახდენი ამბები და წმინდა ყურანიც იმ დედა წიგნიდან არის აღებული.

(60) და იგია, რომელიც გაკვდინებთ ღამით და იცის, რასაც მოიხვეჭთ დღისით, შემდეგ აღგადგენთ მასში, რათა აღსრულდეს აჯალი* განსაზღვრული, შემდეგ - მასთანაა თქვენი მისაქციელი, მერე კი გაუწყებთ, რასაც თქვენ აკეთებდით.
*იგულისხმება ამქვეყნიური სიცოცხლისთვის განკუთვნილი დრო.

(61) იგი ზეაღმატებულია თავის მსახურებზე და მცველებს (ანგელოზებს) აგზავნის თქვენთან; ხოლო ვისაც სიკვდილი ეწვევა, - მას მოაკვდინებენ ჩვენი წარგზავნილები და ისინი (თავიანთ საქმეში) ნაკლს არ დაუშვებენ.

(62) შემდეგ ალლაჰს დაუბრუნდებიან – თავიანთ ნამდვილ ბატონ-პატრონს. გახსოვდეთ რომ, მას ეკუთვნის მსჯავრი და ისაა უსწრაფესი განმკითხველი.

(63) უთხარი: ვინ გიხსნით ხმელეთისა და ზღვის სიბნელეებიდან, როცა გულის სიღრმეში, თავდამცირებით შეევედრებით: ვფიცავთ, თუკი გვიხსნი აქედან, უსათუოდ ვიქნებით მადლიერთაგანი.

(64) - უთხარი: ალლაჰი გიხსნით იმისგან და ყველა სხვა სადარდებლისგან, შემდეგ კი თქვენ მას მაინც უთანაზიარებთ.

(65) უთხარი: იგი ძლევამოსილია, სასჯელი მოგივლინოთ ზემოდან ან თქვენს ფეხთა ქვემოდან, ან კიდევ მხარეებად გაქციოთ* და თქვენმა ერთმა ნაწილმა იგემოს მეორის ძალადობა. შეხედე, რა დაწვრილებით ვმარტავთ აიათებს, იქნებ (ასე მაინც) გაიგონ.
*ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „ღმერთს სამი რამ ვთხოვე, მათგან ორი შემისრულა და ერთი არა. ვთხოვე, რომ ჩემი უმმეთი შიმშილით არ დაეხოცა, მან ეს თხოვნა შემისრულა; ასევე ვთხოვე, რომ ჩემი უმმეთი წყალდიდობებში დახრჩობით არ გაენადგურებინა, მან ეს თხოვნაც შემისრულა; და ვთხოვე, რომ ჩემს უმმეთს ერთმანეთი არ დაეხოცა, მან ეს თხოვნა არ შემისრულა.“ (მუსლიმ, ფითან 5/2890.)

(66) შენმა ხალხმა ცრუდ მიიჩნია იგი,* არადა ის არის ჭეშმარიტება. უთხარი: მე არ ვარ თქვენი მეთვალყურე.**
*სწავლულთა ერთი ნაწილის აზრით, აქ იგულისხმება ყურანი, ხოლო მეორე ნაწილის მიხედვით, აქ იგულისხმება სასჯელი, რომელზეც წინა აიათშია საუბარი. იხ. თაფსიირუ ბაღავი. **ანუ მე მხოლოდ შუამავალი ვარ, რომლის ვალიც ამ ჭეშმარიტების თქვენამდე მოტანა და შეგონებაა.

(67) ყველა ამბავს განსაზღვრული დრო აქვს (აღსრულებისა) და ამას შემდგომში შეიტყობთ.*
*წმინდა ყურანში გადმოცემული ყოველი ამბისა და სიტყვისთვის გარკვეული დრო და ადგილია განსაზღვრული, რომელიც უცვლელია და დროის მოსვლასთან ერთად თანდათან გამოაშკარავდება - ჭეშმარიტება ყოფილა თუ ტყუილი. ნაწილი ამქვეყნად გამოაშკარავდება, ნაწილიც იმქვეყნად და თქვენც შეიტყობთ მის შესახებ. იხ. თაფსიირუ ბეღავი.

(68) როცა დაინახავ, რომ დამცინავად საუბრობენ ჩვენი აიათების შესახებ (რომლებიც ჩამოგევლინა ), მაშინვე გაეცალე მათ, – ვიდრე სხვა სიტყვით არ დაკავებულან. ხოლო თუკი სატანამ დაგავიწყა, მაშინ გახსენებისთანავე გაერიდე ამ უსამართლო ხალხთან დაჯდომას.

(69) ხოლო მათ, რომელნიც ღვთისმოშიშობენ, არაფერი მოეკითხებათ იმათი ანგარიშიდან; მათზე მხოლოდ შეგონებაა – იქნებ ღვთისმოშიშობა გამოიჩინონ.*
*იბნი აბბასის გადმოცემის მიხედვით, როდესაც ჩამოევლინა აიათი: „როდესაც დაინახავ მათ, რომლებიც დამცინავად საუბრობენ ჩვენი აიათების შესახებ, მაშინვე გაეცალე მათ“, - მუსლიმებმა ჩივილი დაიწყეს: როგორ უნდა დავსხდეთ ქააბას მეჩეთში და ტავაფი შევასრულოთ, როდესაც ისინი სულ დამცინავად საუბრობენ? განსხვავებული ვერსიის თანახმად მათ თქვეს: როდესაც ჩვენ ვტოვებთ მათი თავშეყრის ადგილს და არ ვუშლით ასეთ საუბარს, გვეშინია, ცოდვა ჩვენც არ შეგვეხოს. ამის შესახებ უზენაესმა ალლაჰმა ეს აიათი ჩამოავლინა, რომ ურწმუნოთა ცოდვები მათ არ მოეკითხებოდათ და მათი მოვალეობა მხოლოდ შეგონება იყო.იხ.თაფსიირუ ბეღავი.

(70) მოშორდი მათ, რომლებიც ხუმრობით და გართობით ეკიდებიან თავიანთ სარწმუნოებას და ვინც ამქვეყნიურ ცხოვრებას უცდუნებია! და მისით* შეაგონე, რომ არ დაღუპოს სული თავისი მონაპოვრით; რომ არ გააჩნია მას არც დამხმარე და არც ქომაგი, გარდა ალლაჰისა. ყველანაირი გამოსასყიდიც რომ გაიღოს, - არ მიიღება ის მისგან. სწორედ ეგენი არიან, ვინც თავიანთი მონაპოვრით დაიღუპნენ, მათთვისაა მდუღარე სასმელი და მწარე სასჯელი – იმის გამო, რასაც უარყოფდნენ.
*ყურანით.

(71) უთხარი: განა ალლაჰის გარდა სხვას ვევედროთ, რომელიც ვერას გვარგებს და ვერც გვავნებს*, და უკან მივბრუნდეთ, ჩვენივე ქუსლების მიმართულებით, მას შემდეგ, რაც ალლაჰმა ჭეშმარიტ გზაზე დაგვაკვალიანა? იმის მსგავსად, ვინც გააბრიყვეს სატანებმა და დატოვეს ქვეყნად თავგზააბნეული, თანაც მათ ჰყავთ მეგობრები, რომლებიც ჭეშმარიტი გზისკენ უხმობენ: მოდით ჩვენთანო.** უთხარი: ,,ჭეშმარიტად, ალლაჰის მიერ მითითებული გზაა – გზა ჭეშმარიტი და ჩვენ გვებრძანა, რომ სამყაროთა ღმერთს ვმორჩილებდეთ“.
*არც მათი თაყვანისცემით გვექნება სარგებელი და არც მათი მიტოვებით - ზარალი. **‘აბდულლაჰ ბინ ‘აბბასი განმარტავს: ეს არის იგავი, რომელიც ალლაჰმა, კერპების თაყვანისცემისკენ მომწოდებელთა და ალლაჰის თაყვანისცემისკენ მომხმობთა მაგალითად მოიყვანა. შედარებულია კაცზე, რომელიც ჭეშმარიტ გზას აცდა და თავგზააბნეული დარჩა. ერთი მხრივ, მცდარი გზისკენ ეძახიან, მეორე მხრივ მეგობრები ყავს, რომლებიც ჭეშმარიტი გზისკენ უხმობენ და ვეღარ ხვდება, საით წავიდეს. თუკი პირველ მომწოდებელს დაუჯერებს, დამღუპველ უფსკრულში გადავარდება, ხოლო თუ მათ დაუჯერებს, ვინც ჭეშმარიტი გზისკენ უხმობენ, მაშინ ჭეშმარიტებას ეზიარება. იხ. თაფსიირუ ტაბერი.

(72) ასევე (გვებრძანა), შევასრულოთ ნამაზი და მის (ალლაჰის ) მიმართ რიდი ვიქონიოთ. იგია, რომლის წინაშეც იქნებით აღდგენილი.

(73) და იგია, რომელმაც ცანი და დედამიწა გააჩინა ჭეშმარიტებით და იმ დღეს იტყვის: „იყავ“, და ისიც უმალვე იქმნება, – ჭეშმარიტებაა მისი სიტყვა. მისია მეუფება იმ დღისა, როცა ბუკში ჩაიბერება*, მცოდნეა ხილულისა და უხილავისა, და იგია ბრძენი, ყოვლისმცოდნე.
*ისლამის სწავლების მიხედვით, ქვეყნიერების დაქცევის წინ, ანგელოზი ისრაფილი ბუკის მაგვარ საყვირში ჩაბერავს, რაც სიცოცხლის დასასრულის ჟამის დადგომას მიანიშნებს და მაშინ ყოველი ცოცხალი არსება სიკვდილს იგემებს. ჩვენთვის უცნობი დროის შემდეგ, ანგელოზი საყვირში მეორედ ჩაბერავს და სული დაუბრუნდება ყველა მიცვალებულს, ისინი საფლავებიდან წამოდგებიან, ერთიანი თავშეყრის ადგილისკენ გაემართებიან და ღმერთის წინაშე განიკითხებიან.

(74) აკი იბრაჰიმმა თავის მამას, აზარს უთხრა: ნუთუ კერპებს აღიარებ ღმერთებად!? უეჭველად, ვხედავ, რომ შენ და შენი ხალხი ხართ აშკარა გზააცდენილობაში.

(75) ამგვარად ვაჩვენეთ იბრაჰიმს ცათა და ქვეყნიერების მეუფება, რათა ყოფილიყო გულდაჯერებულ მორწმუნეთაგანი.

(76) - ღამით, როდესაც იგი ბინდმა გარემოიცვა და ვარსკვლავი დაინახა, თქვა: „ესაა ჩემი ღმერთი“; ხოლო როდესაც გაქრა, დასძინა: მე არ მიყვარს ის, რაც ქრება.*
*იბრაჰიმ შუამავლის ამგვარი მოქმედება ისლამის სწავლულთა შორის ფართო განხილვის საკითხია. მისი სიტყვების განმარტებებს შორის ყველაზე გამოკვეთილად თვალში გვხვდება ოთხი კომენტარი: პირველი: იბრაჰიმ შუამავალს ამგვარი დიალოგით თავისი ხალხი ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავდა სიმართლისკენ და ცდილობდა, მათი შეცდომები და უმეცარი საქციელი ეჩვენებინა. რადგანაც ის ხალხი ვარსკვლავებს ადიდებდნენ და მათ ეთაყვანებოდნენ, ფიქრობდნენ, რომ სამყაროში ყველაფერს ვარსკვლავები განაგებდნენ. ის ჯერ ცდილობდა, ისე მოქცეულიყო, რომ თითქოს თვითონაც იქ ეძებდა ჭეშმარიტებას, სადაც მისი ხალხი ეძებდა: როდესაც ვარსკვლავები ქრებოდა, მათ ყურადღებას ვარსკვლავთა ნაკლოვანებაზე ამახვილებდა და ამგვარად უსაბუთებდა, რომ ნაკლის მქონე ღმერთი ვერ იქნებოდა. მეორე: იბრაჰიმ შუამავალი მათ კითხვის ფორმით მიმართავდა „ესაა ჩემი ღმერთი?“ მისი კითხვა, უარყოფის შინაარსის მატარებელი იყო ანუ „განა შეიძლება ასეთი იყოს ღმერთი?“ აქედან გამომდინარე ის გულისხმობდა „ეს ჩემი ღმერთი არ არის.“ მესამე: მან ეს სიტყვები მათთან კამათის დროს გამოიყენა და გულისხმობდა შემდეგს: „თქვენი აზრით, ესაა ჩემი ღმერთი“. ხოლო როდესაც ვარსკვლავი გაქრა, მიუგო: „ეს რომ ღმერთი ყოფილიყო, არ გაქრებოდა.“ მეოთხე: შესაძლოა ყურანის აიათში იყოს ფარული შინაარსი. ამ შეხედულების მქონეთა აზრით, იბრაჰიმ შუამავლის სიტყვებში იგულისხმება შემდეგი: „ამბობენ, რომ ესაა ჩემი ღმერთი“, როგორც სურა ბაყარას 127-ე აიათში გვხვდება: „აკი, იბრაჰიმი და ისმა’ილი სახლის (ქააბას) საძირკვლებს ამაღლებდნენ (თან ამბობდნენ): ღმერთო ჩვენო, მიიღე ეს ჩვენგან“. აიათის ორიგინალში ჩვენ მიერ ფრჩხილებში ჩასმული (თან ამბობდნენ) არ არის, მაგრამ იგულისხმება, რომ ისინი ამბობდნენ ამას. იხ. თაფსიირუ ბაღავი.

(77) და როცა ამომავალი მთვარე დაინახა, თქვა: „ესაა ჩემი ღმერთი“, ხოლო როგორც კი ჩავიდა, მან თქვა: თუკი ჩემმა ღმერთმა არ დამაკვალიანა ჭეშმარიტი გზისკენ, უსათუოდ მე ვიქნები გზასაცდენილ ხალხთაგანი.

(78) ხოლო როცა ამომავალი მზე დაინახა, თქვა: „ესაა ჩემი ღმერთი, ეს უფრო დიდია“; ხოლო როგორც კი ჩავიდა, მან თქვა: ო, ჩემო ხალხო! ჭეშმარიტად, მე შორს ვარ იმისგან, რასაც თქვენ უთანაზიარებთ!

(79) ჭეშმარიტად, მე სახე ვიბრუნე ჰანიფად* იმისკენ, რომელმაც შექმნა ცანი და დედამიწა, და მე არ ვარ წარმართთაგანი.
*ორიგინალი – „ჰანიფი“ (حنيف): ყოველგვარი ცრუ რწმენისა და წარმართული საქმისაგან განდეგილი და ურყევი მონოთეიზმით ჭეშმარიტებისკენ მლტოლვარე.

(80) და შეედავა მისი ხალხი, მან კი უთხრა: ნუთუ ალლაჰის შესახებ მეცილებით, როცა მან დამაკვალინა ჭეშმარიტ გზაზე? მე არ მეშინია იმის, რასაც თქვენ უთანაზიარებთ მას, გარდა იმისა, თუკი ჩემმა ღმერთმა ინება რამე.* ჩემი ღმერთი ყოველივეს ცოდნით გარემოიცავს, ნუთუ არ გაიაზრებთ?
*ხალხი მას კერპებით აშინებდა, რომ თუ გააგრძელებდა მათ გმობას და დამცირებას, მაშინ თავს უბედურება დაატყდებოდა. ამაზე იბრაჰიმ შუამავლის პასუხი ეს იყო: მე არ მეშინია იმ კერპების, რასაც ალლაჰს უთანაზიარებთ და ისინი ვერაფერს მავნებენ, თუკი ალლაჰი არ ინებებს ჩემს ვნებასო.

(81) და როგორ უნდა მეშინოდეს იმის, რასაც თქვენ უთანაზიარებთ (ალლაჰს ), მაშინ, როცა თქვენ არ გეშინიათ, რომ ალლაჰს უთანაზიარებდეთ იმას, რის შესახებაც თქვენთვის არანაირი მტკიცებულება არ ჩამოუვლენია? და ამ ორი მხრიდან რომელი უფრო იმსახურებს უსაფრთხოებას*, თუ იცით?
*ამ ორი მხარედან რომელს უფრო უნდა ეშინოდეს ღვთის რისხვის ან რომელი უნდა გრძნობდეს თავს უსაფრთოხოდ – ერთღმეღთიანები თუ წარმართები?

(82) მათთვის, ვინც ირწმუნეს და არ შეურიეს თავიანთ რწმენას უსამართლობა,* სწორედ მათთვისაა უსაფრთხოება და ეგენი არიან ჭეშმარიტ გზაზე მდგომნი.
*როდესაც ეს აიათი ჩამოევლინა: „ვინც ირწმუნეს და არ შეურიეს თავიანთ რწმენას უსამართლობა “, - ალლაჰის შუამავლის ﷺ საჰაბეებს ძალიან ემძიმათ მისი შინაარსი და თქვეს: რომელი ჩვენგანი არ ვურევთ რწმენაში უსამართლობას? ამაზე კი შუამავალმა ﷺ უთხრა: ისე არ არის, როგორც გგონიათ. განა არ ისმენთ ლუყმან შუამავლის სიტყვებს თავისი შვილის მიმართ: „უეჭველად, შირქი დიდი უსამართლობაა.“ (ბუხარი, თაფსიირ, ჰ.ნ. 4776.)

(83) აი, ესაა ჩვენი მტკიცებულება, რომელიც იბრაჰიმს ვუბოძეთ თავისი ხალხის საწინაღმდეგოდ. ხარისხობრივად ვამაღლებთ მას, ვისაც ვინებებთ. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ბრძენია, ყოვლის მცოდნე.

(84) და ვუწყალობეთ მას ისჰაყი და ია’ყუბი, ორივე ჭეშმარიტ გზაზე დავაკვალიანეთ, ასევე, უფრო ადრე ნუჰიც დავაკვალიანეთ და მისი შთამომავლობიდან - დავუდი, სულეიმანი, აიუბი, იუსუფი, მუსა და ჰარუნი. ამგვარად ვაჯილდოვებთ კეთილისმქნელებს.

(85) ზექერია, იაჰია, ‘ისა და ილიასი, - ყველანი იყვნენ სათნოთაგანნი.

(86) ასევე, ისმა’ილი, იესე’ი, იუნუსი და ლუტი, - ყველა მათგანი გამოვარჩიეთ სამყაროთა წინაშე.

(87) ასევე ამოვარჩიეთ მათ მამათაგან, შთამომავალთაგან და ძმათაგან, და სწორ გზაზე დავაკვალიანეთ.

(88) ესაა ალლაჰის გზა - ჭეშმარიტი: მასზე თავის მსახურთაგან აკვალიანებს მათ, ვისაც ინებებს; ხოლო თუ მაინც უთანაზიარებენ, მაშინ უსათუოდ გაცამტვერდება, რასაც ისინი აკეთებდნენ.

(89) ეგენი* არიან, ვისაც ვუბოძეთ წიგნი, სიბრძნე და მაცნეობა. თუკი ისინი** უარყოფენ მას,*** უსათუოდ, მას ისეთ ხალხს გადავაბარებთ, რომლებიც არ უარყოფენ.
*ზემოთ ჩამოთვლილი შუამავლები. **ყურეიშელი წარმართები, ან ზოგადად, ვისთანაც მივა ისლამის მოძღვრება და თავს შეიკავებს მის აღიარებაზე. ***ყურანს და ზოგადად, ისლამის მოძღვრებას.

(90) აი, ეგენი არიან, ვინც ალლაჰმა ჭეშმარიტ გზაზე დააკვალიანა და შენც მათ ჭეშმარიტ გზას შეუდექი. უთხარი: იმის* სანაცვლოდ არ ვითხოვ თქვენგან გასამრჯელოს, არამედ ის მხოლოდ შეგონებაა სამყაროთათვის.**
*ყურანის. **კაცთა და ჯინთა სამყაროთათვის.

(91) და მათ ვერ შეიცნეს ალლაჰი ყადრიანად, როგორც მას შეეფერება, როდესაც თქვეს: ალლაჰს ადამიანისთვის არაფერი ჩამოუვლენია. (შენც) უთხარი: მაშ, ვინ ჩამოავლინა წიგნი, – სინათლედა და ჭეშმარიტი გზის მაჩვენებლად ადამიანთათვის, – რომლითაც მუსა მოვიდა და რომელსაც ფურცლებზე წერთ, ნაწილი - გამოგაქვთ სააშკარაოზე, უმეტესს კი მალავთ?* და გესწავლათ** ის, რაც არ იცოდით – არც თქვენ და არც თქვნმა წინაპრებმა. უპასუხე - ალლაჰმაო (ჩამოავლინაო),*** შემდეგ კი მიატოვე მათი ამაო საუბრით გართულნი.
*მალავთ თევრათში (თორა) გადმოცემულ ნიშნებს, რომლითაც მუჰამმედის შუამავლობა იყო ნაწინასწარმეტყველევი - მრუშის სასჯელს და მსგავს საკითხებს, რისი გამჟღავნებაც არ მოგწონთ. **ყურანის მეშვეობით გესწავლათ. ***ალლაჰმა ჩამოავლინა თევრათი, რომელსაც თქვენც აღიარებთ, მაგრამ რაკი ყურანის აღიარება არ გინდათ, მზად ხართ თქვენს რწმენასაც დაუპირისპირდეთ და თქვათ, რომ ალლაჰს ადამიანისთვის არაფერი ჩამოუვლენიაო.

(92) და ეს დალოცვილი წიგნი ჩამოვავლინეთ დამამოწმებლად იმისა, რაც იყო მასზე წინათ, ასევე ქალაქთა დედის* და მის გარშემო მყოფთა გასაფრთხილებლად. ხოლო ვისაც სწამთ საიქიო, მათ ესეც (ყურანიც) სწამთ და ისინი თავიანთ ნამაზსაც გულმოდგინედ იცავენ.
*ორიგინალი „უმმ ალ-ყურა“ (ام القرى) პირდაპირი მნიშვნელობით სოფლების ან ქალაქების დედას ნიშნავს და იგულისხმება წმინდა ქალაქი მექქა. ანუ წმინდა ყურანი ქალაქ მექქაში მცხოვრებ მუჰამმედ შუამავალს ﷺ ჩამოევლინა და პირველად სწორედ ამ ქალაქის მკვიდრ ხალხს გააცნო, ხოლო თანდათანობით მის გარშემო მყოფებშიც გავრცელდა და ასე გაგრძელდება ქვეყნიერების დასასრულამდე, ვიდრე მთელ მსოფლიოს არ მოიცავს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე.

(93) და ვინ არის იმაზე დიდი უსამართლო, რომელმაც სიცრუე შეთხზა ალლაჰის შესახებ ან თქვა, რომ ვაჰი (ღვთიური შეტყობინება) მივიღეო; არადა მას არაფერი მიუღია; ასევე, ვინც თქვა: მეც ჩამოვავლენ იმის მსგავსს, რაც ალლაჰმა ჩამოავლინაო. ნეტავ გენახა სულთმობრძავი უსამართლონი, როდესაც ანგელოზები ხელებგაწვდილნი ეუბნებიან: განუტევეთ სულები! დღეს მოგეზღვებათ სასჯელი დამამცირებელი, იმ უსამართლობისთვის, რასაც ალლაჰის შესახებ ამბობდით და მისი აიათების მიმართ მედიდურობდით!

(94) და ვფიცავ, ჩვენ წინაშე ისე ეულად მოხვედით, როგორც პირველად გაგაჩინეთ.* და ზურგსუკან მიგიტოვებიათ, რაც თქვენთვის გვიბოძებია,** ვეღარც თქვენს ქომაგებს ვხედავთ თქვენთან ერთად, რომლებიც, გჯეროდათ, რომ იყვნენ (ალლაჰის) თანაზიარნი. უკვე გაწყდა კავშირი თქვენ შორის და განდეგილა ის თქვენგან, რასაც ამტკიცებდით (უსაფუძვლოდ).
*როგორი შიშველი და უქონელიც მოევლინეთ ამ ქვეყანას, ისევე შიშველი და მატერიალურად უქონელი წახვალთ უკან. ალლაჰის შუამავალი ﷺ ბრძანებს: „უეჭველად, თქვენ ალლაჰის წინაშე ფეხშიშველი, ჩაუცმელი, ქვეითად და წინადაუცვეთელნი წარდგებით.“ (ბუხარი, რიყაყ 45/6524.) **ქონება, ნათესავები, თანამდებობა და ა.შ.

(95) ჭეშმარიტად, ალლაჰია მარცვლისა და კურკის გამპობ-გამღივებელი, ცოცხალი მკვდრისგან გამოჰყავს და ცოცხლისგანაც - მკვდარი. აი, ეს არის ალლაჰი და თქვენ როგორ განერიდებით?

(96) - გამღვივებელი ალიონისა, რომელმაც დაადგინა ღამე მოსასვენებლად, მზე და მთვარე კი (დროთა) გამოსათვლელად. ასეთია განგება ძლევამოსილის, ყოვლის მცოდნისა.

(97) და იგია, ვინც თქვენთვის დასხა ვარსკვლავები, რათა მათით გზა გაგეკვლიათ ხმელეთისა და ზღვის წყვდიადებში. უეჭველად, ჩვენ დაწვრილებით განვმარტეთ აიათები – იმ ხალხისთვის, რომლებმაც იციან.

(98) და იგია, რომელმაც შეგქმნათ ერთი სულისგან; შემდგომ (დაგიდგინათ) მოსაკალათებელი და მისაბარებელი.* უეჭველად, ჩვენ დეტალურად განვმარტეთ აიათები – იმ ხალხისთვის, რომლებიც გამგებია.
*ორიგინალი - „მუსთაყარრუნ“ (مستقر) და „მუსთავდა’უნ“ (مستودع): პირველის პირდაპირი თარგმანი - სამყოფელი, ადგილი, სადაც საფუძვლიანად მოთავსდა და გარკვეულ დროს დაჰყოფს, ლექსიკონური მნიშვნელობისა და კონტექსტური შინაარსის გათვალისწინებით ვთარგმნეთ, როგორც მოსაკალათებელი ადგილი. ხოლო მეორის პირდაპირი მნიშვნელობაა ადგილი, სადაც რამეს მიაბარებენ. ისლამის სწავლულები აღნიშნულ სიტყვებს სხვადასხვა შინაარსით ხსნიან, რომელსაც მოკლედ გადმოგვცემს იმამი ტაბერი: „უზენაესი ალლაჰი ამ აიათში ზოგადად გვამცნობს, რომ ადამიანები ერთი სულისგან (ადემ შუამავლისგან) გააჩინა, შემდეგ მათ გარკვეულ სამყოფელსა და მისაბარებელში დაჰყვეს. ადამიანთა ნაწილი დედის მუცელშია მოკალათებული, ნაწილი კი მამის სხეულში - ამანათად მიბარებული. ადამიანთა მაწილი დედამიწაზეა მოკალათებული, მეორე ნაწილი კი საფლავშია მიბარებული.“ (იხ. თაფსიირუ ტაბერი.)

(99) იგია, რომელმაც ზეციდან წყალი ჩამოავლინა; და აღმოვაცენეთ მისით ყველანაირი მცენარე, ამოვზარდეთ მისგან მწვანობი, იმისგან კი მარცვლები* - ერთმანეთზე ასხმული, ხოლო ფინიკის კოკრისგან - ჩამოკიდებული მტევნები, ასევე ყურძნის ბაღები, ზეთისხილი და ბროწეული - ერთმანეთის მსგავსიც და განსხვავებულიც. შეხედეთ მის ნაყოფს, რომელიც ისხამს და მწიფდება. ჭეშმარიტად, ამ ყველაფერში მართლაც სასწაულებია მორწმუნე ხალხისთვის.
*თავთავი.

(100) და ალლაჰს ჯინები უთანაზიარეს, არადა მან გააჩინა ისინი; ასევე, უვიცად დასწამეს ძეები და ასულები. იგი ყოვლად უნაკლო და უზენაესია იმისგან, როგორადაც ახასიათებენ.

(101) - იგი ცათა და დედამიწის არაფრისგან შემქმნელია და შვილი საიდან ეყოლება, როდესაც ცოლი არ ჰყოლია? და მან გააჩინა ყველაფერი, იგია ყოვლის მცოდნე.

(102) იგია ალლაჰი – ღმერთი თქვენი, არ არსებობს ღვთაება გარდა მისი, ყოვლის გამჩენისა. მაშ, თაყვანი ეცით მას, - იგია ყოვლის მეთვალყურე.

(103) - ვერ შესწვდებიან იმას მზერანი,* თვითონ კი მწვდომია მზერათა, და ისაა ლმობიერი, ყოვლისმცოდნე.
*ამქვეყნიური თვალთახედვისთვის შეუძლებელია მისი ხილვა. იმქვეყნად - ყველა მორწმუნე იხილავს მას, თუმცა თვალის წვდომას სცდება მისი ნამდვილი რაობის აღქმისა და განჭვრეტის შესაძლებლობა. ამიტომ ვერავის თვალები ვერ ჩასწვდება მას, ის კი სწვდება ყველა თვალს, არაფერია მისი ცოდნის მიღმა, შეუცნობელი და დაფარული მისთვის. ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „ჭეშმარიტად, თქვენ ცხადად იხილავთ თქვენს ღმერთს.“ (ბუხარი, თავჰიდ 24/7435.)

(104) ჭეშმარიტად, თქვენი ღმერთისგან მოგივიდათ თვალსაჩინო მტკიცებულებანი; ასე რომ, ვინც თვალს გაახელს - მისივე სულის სარგოდ, ხოლო ვინც წაუბრმავებს - მისდა საზიანოდ. და არ ვარ მე თქვენი მეთვალყურე.

(105) ამგვარად ვმარტავთ აიათებს ყოველმხრივ, ისინი კი მაინც იტყვიან: „გისწავლია“,* რათა ცხადგვეყო ხალხისთვის, რომლებმაც იციან.
*აიათის ამ ნაწილის განმარტებისას ისლამის სწავლულები რამდენიმე განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობენ, რის საშუალებასაც არაბული ენა იძლევა: ა) ამგვარად, ყოველმხრივ ვმარტავთ აიათებს, რომ ეთქვათ - გისწავლიაო. ბ) ამგვარად, ყოველმხრივ ვმარტავთ, რომ არ ეთქვათ - გისწავლიაო. გ) ამგვარად, ყოველმხრივ ვმარტავთ აიათებს, მაგრამ ისინი მაინც იტყვიან - გისწავლიაო. მექქელ წარმართებს არ სჯეროდათ/არ აღიარებდნენ, რომ მუჰამმედ შუამავალი ﷺ ალლაჰისგან ღებულობდა შეტყობინებებს; ამიტომაც ამბობდნენ, რომ მან წიგნბოძებულებთან მეცადინეობით მიიღო ის ცოდნა და სიბრძნე, რასაც ქადაგებდა.იხ:თაფსიირ ტაბარი.

(106) მიჰყევი იმას, რაც ზემოგევლინა შენი ღმერთისგან; არ არსებობს ღვთაება გარდა მისი, და ზურგი აქციე წარმართებს.

(107) ალლაჰს რომ ენება, არ უთანაზიარებდნენ, და შენ არც მცველად* დაგვიდგენიხარ და არც ვექილი ხარ მათი.
*მეთვალყურედ და მათი ცოდვების აღმრიცხველად

(108) და არ გალანძღოთ ისინი, ვისაც ალლაჰის ნაცვლად ევედრებიან, რადგან ისინიც ალლაჰს დაუწყებენ ლანძღვას – მტრობით, ცოდნის გარეშე. ასე მოვუკაზმეთ ყველა თემს თავიანთი საქმენი, შემდეგ თავიანთ ღმერთთანაა მათი მისაბრუნებელი და ის (ალლაჰი) აცნობებთ მათ იმის შესახებ, რასაც აკეთებდნენ.

(109) ალლაჰს იფიცებიან მთელი თავგამოდებით, რომ თუკი ერთი სასწაული მიევლინებათ, მაშინ აუცილებლად ირწმუნებენ მას. უთხარი: ჭეშმარიტად, სასწაულები ალლაჰის განკარგულებაშია, თქვენ (მორწმუნენო) კი არ იცით, რომ სასწაულები რომც მოვიდეს, ეგენი მაინც არ ირწმუნებენ!

(110) და შევაქცევთ მათ გულებსა და ხედვებს, როგორც არ ირწმუნეს თავდაპირველად*, და მივატოვებთ თავიანთ ზღვარგადასულობაში, თავგზააბნეულებს.
*რაკი ურწმუნოება აირჩიეს და გაჯიუტდნენ, ჩვენც დავაბრმავებთ მათ თვალებსა და გულებს ჭეშმარიტების მიმართ. მათივე სასურველი სასწაულებიც რომ მოვავლინოთ, ისინი მაინც არ ირწმუნებენ, როგორც არ ირწმუნეს თავდაპირველად, და ისევე დარჩებიან - ურწმუნოებაში გზააბნეულნი.

(111)

(112)

(113)

(114)

(115)

(116)

(117)

(118)

(119)

(120)

(121)

(122)

(123)

(124)

(125)

(126)

(127)

(128)

(129)

(130)

(131)

(132)

(133)

(134)

(135)

(136)

(137)

(138)

(139)

(140)

(141)

(142)

(143)

(144)

(145)

(146)

(147)

(148)

(149)

(150)

(151)

(152)

(153)

(154)

(155)

(156)

(157)

(158)

(159)

(160)

(161)

(162)

(163)

(164)

(165)