(84) ალლაჰს არ უყვარს ცუდი სიტყვის გაჟღერება, გარდა იმისა, ვინც ჩაგრულია*. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნე.
*აიათი გვამცნობს, რომ ცუდი სიტყვა, წყევლა, ლანძღვა, გაკილვა, დაბეზღება და მსგავსი საუბარი აკრძალულია და ცოდვად ითვლება, თუმცა გამონაკლისს უშვებს ჩაგრულის სახით, ვისაც უსამართლოდ მოექცნენ: ჩაგრულს ცოდვად არ ჩაეთვლება, თუკი მჩაგვრელს უჩივლებს, მის ცუდ ქცევებს გაასაჯაროებს ან ცხელ გულზე დაწყევლის. თუმცა შარიათი ასეთ შემთხვევებშიც მოთმინებას გვირჩევს და წყევლისგან თავშეკავებას გვასწავლის:
აბუ ჰურეირა გადმოგვცემს, რომ ერთმა კაცმა აბუ ბექირ სიდდიყს ლანძღვა დაუწყო. ამ დროს ალლაჰის მაცნეც ﷺ იქვე იჯდა, მას კმაყოფილება ემჩნეოდა და თან იღიმებოდა. როდესაც ამ კაცმა აბუ ბექირის ლანძღვას უმატა, აბუ ბექირმაც უკან დაუბრუნა მისი სიტყვებიდან ზოგიერთი. მაცნე ﷺ ამაზე გაბრაზდა, ადგა და წავიდა. მას აბუ ბექირი წამოეწია და უთხრა: ო, ალლაჰის შუამავალო! როცა ის კაცი მლანძღავდა, მაშინ შენ მშვიდად იჯექი, მაგრამ როცა მე მისი სიტყვებიდან ნაწილი უკან დავუბრუნე, მაშინ გაბრაზდი და წახვედი. შუამავალმა ﷺ უთხრა: თავდაპირველად (როცა შენ ჩუმად იჯექი და პასუხს არ სცემდი) შენთან ერთად ანგელოზი იმყოფებოდა, რომელიც შენს მაგივრად პასუხს სცემდა მას, ხოლო როცა შენ მას შეეპასუხე და თავისი სიტყვები უკან დაუბრუნე, ამ დროს ეშმაკი ჩაერია. მე არავითარ შემთხვევაში არ ვიჯდები იქ, სადაც ეშმაკია. შუამავალმა ﷺ შემდეგ თქვა: „ო, აბუ ბექირ! არსებობს სამი რამ, რომლებიც აუცილებლად აღსრულებადია: არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც უსამართლობას გადაეყაროს, თუმცა უზენაესი ალლაჰის სიყვარულით აპატიოს და ალლაჰმა მას თავისი დახმარებით ღირსება არ აუმაღლოს; არ არსებობს კაცი, რომელმაც მოწყალების კარი გახსნას, რითაც ნათესავური კავშირების გამყარება ეწადოს და მას ალლაჰმა მისი დახმარებით სიმდიდრე არ გაუზარდოს; არ არსებობს კაცი, რომელმაც მათხოვრობის კარი გახსნას, საიდანაც უფრო მეტის მოხვეჭა ეწადოს და მას უზენაესმა ალლაჰმა ამის გამო სიღარიბე არ შეჰმატოს“ (აჰმედ ალ- მუსნედ, ჰ.ნ. 9624.).
აიშა გადმოგვცემს, რომ მას მოპარეს მოსასხამი, რის გამოც ქურდს წყევლა დაუწყო და მაცნემ ﷺ უთხრა: „ნუ უმსუბუქებ მას!“ (აბუ დავუდ, ვითრ 23/1497.)
ისევ აიშა გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „ვინც წყევლის კაცს, რომელმაც მას უსამართლოდ მოექცა, უეჭველად, იგი დახმარებას უწევს მას.“ (თირმიზი, დე'ავათ, 103/3552; იბნი აბუ შეიბე, დუ’ა, ჰ.ნ. 28993.)
(85) აშკარად გააკეთებთ სიკეთეს თუ ფარულად, ან ბოროტებას აპატიებთ, ჭეშმარიტად ალლაჰი მპატიებელია, ყოვლისშემძლე.
(86) ჭეშმარიტად, ვინც უარყოფენ ალლაჰსა და მის შუამავალს*, განცალკევება სურთ ალლაჰისა და მისი შუამავლისა და ამბობენ, რომ გვწამს ზოგი და არ გვწამს ზოგიო და უნდათ, გზა დაიდგინონ ამათ შორის**,
*აიათი ჩამოევლინა იუდეველების შესახებ, რომლებმაც ირწმუნეს მუსა შუამავალი და თევრათი, თუმცა არ ირწმუნეს ‘ისა შუამავალი და ინჯილი; მუჰამმედ შუამავალი და ყურანი. იხ. თაფსირუ ბეღავი.
**რწმენასა და ურწმუნოებას შორის.
(87) - აი, ეგენი არიან ნამდვილი ურწმუნოები, და ურწმუნოთათვის გავამზადეთ სასჯელი - დამამცირებელი.
(88) ხოლო, რომელთაც ირწმუნეს ალლაჰი და მისი შუამავლები და არ განაცალკევებენ არცერთს, სწორედ ეგენი მიიღებენ თავიანთ გასამრჯელოს. ალლაჰი უსაზღვროდ მიმტევებელი და მწყალობელია.
(89) წიგნბოძებულნი გთხოვენ, რომ ციდან წიგნი ჩამოუვლინო. უეჭველად, მუსას უფრო დიდი მოთხოვნაც წაუყენეს და უთხრეს - აშკარად გვაჩვენე ალლაჰიო. მეხმა შეიპყრო ისინი თავიანთი უსამართლობისთვის. მერე ხბო გაიჩინეს სათაყვანებლად – იმის შემდეგ, რაც უკვე ქონდათ ცხადი მტკიცებულებები. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ მაინც ვაპატიეთ და მუსას ვუბოძეთ ცხადი მტკიცებულება.
(90) (სინას) მთა აღვმართეთ მათ ზემოთ მათი აღთქმისამებრ და ვუბრძანეთ: „შედით ქალაქის (იერუსალიმის) კარიბჭეში სეჯდეს აღმსრულებელნი“ და „არ დაარღვიოთ შაბათი“. მათგან კი მივიღეთ მტკიცე აღთქმა.
(91) თავიანთი აღთქმის დარღვევის, ალლაჰის აიათების/სასწაულების მიმართ ურწმუნოების, მაცნეთა უსამართლოდ დახოცვისა და ,,ჩვენი გულები დახურულია" – ო - ამ სიტყვების თქმის გამო ბეჭედი დაასვა ალლაჰმა მათ გულებს თავიანთი ურწმუნოობის შესაბამისად და არ ირწმუნებენ ეგენი, გარდა მცირედისა.
(92) - სწორედაც მათი ურწმუნოებისა და მარიამის მიმართ უდიდესი ცილისწამების გამოც.
(93) - ასევე მათი სიტყვების გამო: ,,ჩვენ მართლაც მოვკალით ალლაჰის შუამავალი - მესია, ძე მარიამისა''; ის არც მოუკლავთ და არც ჯვარზე გაუკრავთ, არამედ ასე მოეჩვენათ*. ჭეშმარიტად, ვინც მის შესახებ ცილობენ, - ეჭვის ქვეშ იმყოფებიან მასთან დაკავშირებით** და არანაირი ცოდნა არ გააჩნიათ, გარდა ვარაუდით მოქმედებისა; ის კი არავითარ შემთხვევაში არ მოუკლავთ,
*როგორც სხვადასხვა გადმოცემა გვატყობინებს, ღვთიური სასწაულის შედეგად, ერთ-ერთ ურწმუნოს მიეცა ‘ისა შუამავლის იერსახე, ხოლო ‘ისა შუამავალი ალლაჰმა ზეცაში აღამაღლა ყოვლად უვნებელი. აღნიშნული პიროვნების ვინაობასთან და განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თაფსირებში რამდენიმე განსხვავებული ვერსიაა გადმოცემული. ამ თემასთან დაკავშირებით კი გადმოცემებიდან დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ‘ისა შუამავალი არც მოუკლავთ, არც ჯვარს არ გაუკრავთ, არამედ ის ზეცაში ამაღლდა და მკვლელებს სხვა პიროვნება მოეჩვენათ ‘ისას იერ-სახით.
**მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა ჩამოვარდა ჯვარზე გაკრულის ვინაობასთან დაკავშირებით, ასევე მის ბუნებასთან დაკავშირებით დღესაც ცილობაა ქრისტიანულ კონფესიებს შორის.
(94) - არამედ ალლაჰმა აღამაღლა იგი თავისთან. ალლაჰი ძლევამოსილია; ბრძენია.
(95) ჭეშმარიტად, არავინაა წიგნბოძებულებში, ვინც არ ირწმუნოს იგი მისი სიკვდილის წინ* და განკითხვის დღეს ის იქნება მოწმე მათ წინააღმდეგ.
მუფესსირები აღნიშნულ აიათს რამდენიმე განსხვავებული მიმართულებით მარტავენ. აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა აიათის ორიგინალში არსებული ნაცვალსახელი, რომელიც სიკვდილის ზმნას დაერთვის. „მისი სიკვდილის წინ“ - არაბული ენისთვის დამახასიათებელი თავისებურებებიდან გამომდინარე აიათში არსებული ეს ნაცვალსახელი შეიძლება მიუთითებდეს როგორც ‘ისა შუამავალს, ისე წიგნბოძებულებს, რაც ქართულადაც ამგვარადვე გადმოვთარგმნეთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, თაფსირებში ძირითადად იკვეთება ორი სახის განმარტება: 1. ყოველი წიგნბოძებული, სიკვდილის წინ, როცა სიკვდილის ანგელოზი გამოეცხადება, ხვდება, რომ არასწორ გზაზე იდგა და ‘ისა არ მომკვდარა ჯვარზე გაკრული, არ არის ღმერთი და არც მისი შვილი, თუმცა მას ეს რწმენა არაფერში გამოადგება, რადგანაც მან ეს ჭეშმარიტება მხოლოდ სიკვდილის ანგელოზის გამოცხადების შედეგად ირწმუნა. 2. ‘ისა შუამავლის გარდაცვალების წინ ყოველი წიგნბოძებული ჭეშმარიტი რწმენით ირწმუნებს მას. ამ განმარტების თანახმად ეს აიათი კიდევ ერთხელ ამოწმებს, რომ ისა შუამავალი არ მომკვდარა და ის ქვეყნიერების დაქცევამდე, დედამიწაზე დაბრუნდება, წიგნბოძებულთა მცდარ რწმენას დაგმობს და შემდეგ, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ისე გარდაიცვლება. ვრცელი განმარტებისთვის იხ. ალი იმრან 55-ე აიათის განმარტება. აბუ ჰურეირა გადმოგვცემს ალლაჰის შუამავლის ﷺ სიტყვებს: „ვფიცავ მას, ვისაც ხელთ უპყრია ჩემი სიცოცხლე, რომ უეჭველად, თქვენში დაეშვება ‘ისა - ძე მარიამისა, როგორც სამართლიანი მსაჯული. ის დაამტვრევს ჯვარს, მოკლავს ღორს და გააუქმებს ჯიზიას. ქონება იმდენად იმატებს, რომ (მოწყალებას) არავინ მიიღებს. ერთი სეჯდე უფრო ძვირფასი იქნება ვიდრე მთელი სამყარო და მასში არსებული ყველაფერი“ (ბუხარი, ეჰადისუ’ლ-ენბია, 49/3448.). ამ განმარტების თანახმად, წიგნბოძებულნი ქვეყნიერების აღსასრულამდე არ მოიშლიან თავიანთ მცდარ რწმენას.
(96) ავუკრძალეთ იუდეველებს ჰალალად დაწესებული (ზოგიერთი) სუფთა საკვები მათივე უსამართლობის გამო,* რადგანაც მათ ბევრი აცდუნეს/დააბრკოლეს ალლაჰის გზაზე.
*აკრძალულთა ჩამონათვალისთვის იხ. სურა ენ’ამ 6/146 აიათი.
(97) და იმის გამოც, რომ ვახშს ღებულობდნენ, არადა ეკრძალებოდათ, და იმიტომაც, რომ ხალხის ქონებას უსამართლოდ მიირთმევდნენ... და გავამზადეთ მწარე სასჯელი მათში ურწმუნოებისთვის.
(98) მაგრამ მათში არიან ღრმადმცოდნე და მორწმუნენი, რომელთაც სწამთ იგი, რაც შენ ჩამოგევლინა და რაც ჩამოევლინა შენზე ადრე, ასევე ნამაზის შემსრულებელნი, ზექათის გამცემნი, ალლაჰისა და უკანასკნელი დღის მიმართ მორწმუნენიც, და მივაგებთ მათ უდიდეს საზღაურს.
(99) ჭეშმარიტად, ჩვენ მოგივლინეთ ვაჰი, როგორც მივუვლინეთ ნუჰს და სხვა მაცნეებს მის შემდგომ; მივუვლინეთ ასევე იბრაჰიმს, ისმა’ილს, ისჰაყს, ია’ყუბს და მის შთამომავლებს*, ‘ისას, ეიუბს, იუნუსს, ჰარუნს, სულეიმანს; დავუდს კი ზებური** ვუბოძეთ.
*ია’ყუბის თორმეტი ვაჟის შთამომავლობა.
**წმინდა წიგნი, რომელიც დავუდ (დავით) შუამავალს ებოძა.
(100) ასევე სხვა შუამავლებს, რომელთა შესახებ ადრე გიამბეთ და იმ შუამავლებსაც, რომელთა შესახებაც შენთვის არ გვიცნობებია; ხოლო მუსას ალლაჰი დაელაპარაკა უშუალო საუბრით.
(101) (გამოვგზავნეთ) შუამავლები, მახარობელნი და მაფრთხილებელნი, რათა შუამავლების შემდგომ ხალხს არ ჰქონოდა საფუძველი ალლაჰის წინაშე (თავის მართლების). ალლაჰი ძლევამოსილია; ბრძენია.
(102) თუმცა ალლაჰი ამოწმებს იმას, რომ რაც შენზე ჩამოავლინა, - ის ჩამოავლინა თავისი ცოდნით, და ანგელოზებიც ამოწმებენ... და კმარა მოწმედ ალლაჰი.
(103) ჭეშმარიტად, ვინც არ ირწმუნეს და (სხვაც) აცდუნეს/დააბრკოლეს ალლაჰის გზაზე, - ისინი სწორი გზიდან მართლაც შორს გადავიდნენ, გზააბნევაში.
(104) უეჭველად, მათ, ვინც არ ირწმუნეს და უსამართლობას ეწეოდნენ, ალლაჰი არც აპატიებს და არც გზას გაუკვლევს.
(105) - გარდა ჯოჯოხეთის გზისა, და იქ იქნებიან მარადჟამს, ეს კი იოლია ალლაჰისთვის.
(106) ეი, ადამიანებო! უეჭველად, შუამავალი თქვენი ღმერთისგან თქვენთან ჭეშმარიტებითურთ მოვიდა, მაშ, ირწმუნეთ, – უმჯობესია ეს თქვენთვის. და თუ არ ირწმუნეთ, ჭეშმარიტად, ალლაჰისაა, რაცაა ცათა შინა და დედამიწაზე. ალლაჰი ყოვლისმცოდნეა; ბრძენია.
(107) ეი, წიგნბოძებულნო! ნუ გადახვალთ ზღვარს თქვენივე რჯულში და არაფერი თქვათ ალლაჰის შესახებ, გარდა ჭეშმარიტებისა. ჭეშმარიტად, მესია, ‘ისა ძე მარიამისა, ალლაჰის შუამავალია და სიტყვა მისი*, რომელიც მარიამს მიჰმადლა, - სულია მისგან**. მაშ, ირწმუნეთ ალლაჰი და მისი შუამავალი და არ თქვათ სამება, - მოეშვით, თქვენდა სასიკეთოდ. ჭეშმარიტად, ალლაჰი ერთი ღმერთია, ის ყოვლად უნაკლოა იმისგან, რომ შვილი ჰყოლოდა. მისია ყველაფერი, რაცაა ცათა შინა და დედამიწაზე... კმარა ვექილად ალლაჰი.
*ის ალლაჰის სიტყვაა, რადგანაც სხვა ადამიანებისგან განსხვავებით, ალლაჰის სიტყვის -„იყავ“ - საფუძველზე შეიქმნა მარიამის მუცელში.
**როგორც ყველა სული, ასევე ‘ისა შუამავალიც ალლაჰისგან მოვლინებული ერთ-ერთი სულია, რაც გამორიცხავს მის ღვთაებრიობას ან ღვთის შვილობას.
(108) ალლაჰის მსახურობას არავითარ შემთხვევაში არ ითაკილებს მესია, და არც ახლოს მყოფი ანგელოზები (ალლაჰთან დაახლოებულნი); ხოლო ვინც მისდამი მსახურებას ითაკილებს და იამპარტავნებს, - ყველას ერთად შეკრებს თავისთან.
(109) ხოლო ისინი, ვინც ირწმუნეს და ჰქმნეს კეთილი, უნაკლოდ მიიღებენ თავიანთ საზღაურს და გაუზრდის კიდეც თავისი წყალობით; ხოლო ვინც უკადრისობდნენ და ამპარტავნობდნენ, დასჯის მათ მწარე სასჯელით და ვერც მეგობარს ჰპოვებენ და ვერც დამხმარეს, გარდა ალლაჰისა.
(110) ეი, ადამიანებო! თქვენი ღმერთისგან მართლაც მოგივიდათ ცხადი მტკიცებულება* და თქვენზე ჩამოვავლინეთ აშკარა ნათელი**.
*მუჰამმედ შუამავალი ﷺ.
**წმინდა ყურანი.
(111) ხოლო მათ, ვინც ირწმუნეს ალლაჰი და მიეჯაჭვნენ მას, თავის წყალობასა და მადლში შეიყვანს და სწორ გზასაც გაუკვლევს.
(112) ფეთვას ითხოვენ შენგან, უთხარი: ალლაჰი გაძლევთ ფეთვას ქელალეს* შესახებ. თუ კაცი უშვილოდ დაიღუპა და მხოლოდ და ყავს, მაშინ ძმის დანატოვრის ნახევარი დას ეკუთვნის, ხოლო თუ ქალი გარდაიცვლება უშვილოდ, მაშინ ძმა** სრულად ემემკვიდრება მას; თუ გარდაცვლილი კაცის დები ორი იქნებიან, მაშინ მათ დანატოვარის ორი მესამედი ერგებათ; ხოლო თუ მემკვიდრეები ერთდროულად მამრებიც და მდედრებიც არიან, მაშინ მამრს ერგება ორი მდედრის წილი. გიხსნით თქვენ ალლაჰი, რათა არ შეცდეთ; ალლაჰი ყოვლისმცოდნეა.
*როდესაც გარდაცვლილს არც შვილები ყავს, არც მშობლები და მათ გარდა სხვა ნათესავები ემემკვიდრებიან.
**ამ აიათში საუბარია დედ-მამით ან მამით დაზე ან ძმაზე; ხოლო დედით დის ან ძმის მემკვიდრეობის შესახებ იხ. ამავე სურას 12-ე აიათი.
(113) ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დადებულ პირობას უერთგულეთ. თქვენთვის ჰალალია შინაური პირუტყვი, გარდა იმისა, რომელთა (ჰარამობის) შესახებაც გეცნობებათ, ასევე, არ მიიჩნიოთ ჰალალად ის ნანადირევი, რომელიც იჰრამით* შემოსილებმა მოინადირეთ. ჭეშმარიტად, ალლაჰი დაადგენს იმას, რასაც ინებებს.
*ორიგინალი - „იჰრამ“ (إحرام): ნაკრძალი მდგომარეობა ჰაჯობის ან უმრას ღვთისმსახურებისას, როდესაც ჰაჯობის კანდიდატებს აკრძალული აქვთ გარკვეული მოქმედებები, მათ შორის ნადირობა ან ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის მოკვდინება, მცენარის ფოთლების, ყლორტების ან ყვავილის მოწყვეტა. იჰრამი წმინდა მიწების ნაკრძალ ტერიტორიაზე ჰაჯობის ან უმრას ნიეთით შეცვლით იწყება და ბოლო ტავაფით სრულდება. ასევე იჰრამის სახელითაა ცნობილი აღნიშნულ რიტუალში მონაწილე მამაკაცებისთვის განკუთვნილი სამოსი, რომელიც ქსოვილის ორი ნაჭერისგან შედგება და ერთს წელზე, ხოლო მეორეს მხრებზე იხვევენ.
(114) ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ შებღალოთ ალლაჰის (მორჩილების) ნიშნულები*, არც ნაკრძალი მთვარე**, არც ზვარაკი, არც მათი საყელურები*** და არც ნაკრძალი სახლისკენ**** მიმავალთა უფლებები, რომლებიც თავიანთი ღმერთის მადლისა და კმაყოფილებისკენ მიისწრაფვიან. ხოლო როგორც კი (იჰრამის სარიტუალო მდგომარეობიდან) გათავისუფლდებით, (თუ ისურვებთ) ინადირეთ. რაკი (ადრე) ნაკრძალ მეჩეთს***** არ გაკარებდნენ, ახლა იმ ხალხის მიმართ ჯავრმა არ გიბიძგოთ ზღვარგადასულობისკენ! სიკეთესა და ღვთისმოშიშობაში დაეხმარეთ ერთმანეთს და ნუ დაეხმარებით უკეთურებასა და მტრობაში! რიდი გქონდეთ ალლაჰისა, უეჭველად, ალლაჰი მკაცრსასჯელიანია.
*ზოგადად, ყველა ჰარამი, ალლაჰის მიერ აკრძალული, კერძოდ, ჰაჯობისა და უმრას ღვთისმსახურების დროს იჰრამით შემოსილთათვის აკრძალული მოქმედებები.
**ორიგინალი – „ალ-შეჰრ ალ-ჰარამ“ (الشهر الحرام): ნაკრძალი მთვარე; – საუბარია კონკრეტულ მთვარეებზე, რომლებშიც აკრძალულია ომი, სისხლისღვრა და ყოველგვარი სიავე. მთვარის კალენდრის მიხედვით ესენია: პირველი - მუჰარემის, მეშვიდე - რეჯების, მეთერთმეტე – ზილყა’დეს და მეთორმეტე - ზილჰიჯჯეს მთვარეები.
***შესაწირი ცხოველი, რომელსაც საცნობ ნიშნად საყელური უკეთია.
****ორიგინალი – „ალბეით ალ-ჰარამ“ (البيت الحرام ): ნაკრძალი სახლი; – ანუ ქააბას წმინდა სამლოცველო.
*****ორიგინალი – „ალმესჯიდ ალ-ჰარამ“ (المسجد الحرام): ნაკრძალი მეჩეთი; – ანუ ქააბას წმინდა სამლოცველო.
(115) თქვენთვის ჰარამია: ლეში, სისხლი, ღორის ხორცი, ის, რაც ალლაჰის გარდა სხვისთვის დაიკლა*, დამხრჩვალი, დარტყმის, ზემოდან ჩამოვარდნის ან რქებზე წამოგების შედეგად მკვდარი და მტაცებელი ცხოველის მიერ დაგლეჯილი, გარდა იმისა, რაც თქვენ დაკალით. ასევე, ჰარამია: ის, რაც კერპებზე შესაწირად დაიკლა, და ისრებით წილყრა**... - ეს ყველაფერი სიბილწეა. დღეიდან იმედი მოიკვეთეს თქვენი რჯულიდან მათ, ვინც არ ირწმუნეს***, ასე რომ, ნუ გეშინიათ მათი, ჩემი გეშინოდეთ****. მე დღეს სრულვყავი თქვენი რჯული, დავასრულე ჩემი წყალობა თქვენდამი და კმაყოფილი ვარ თქვენთვის ბოძებული ისლამის რჯულით*****. ხოლო ვინც შიმშილმა აიძულა****** და არა ცოდვისკენ ლტოლვამ, ჭეშმარიტად, ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია; მწყალობელია.
*ანუ დაკვლისას ალლაჰის გარდა სხვისი სახელი ახსენეს.
**წარმართი არაბები იღბლის დასადგენად ან რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საგანგებოდ ისრების გამოყენებით აწყობდნენ წილყრის რიტუალს. მათ ამისთვის განკუთვნილი შვიდი ისარი ქონდათ, თითოზე ეწერა შემდეგი სიტყვები: „დიახ, არა, თქვენგანაა, თქვენგან არ არის, გააკეთე, არ გააკეთო“, ხოლო ერთი ისარი ცარიელი იყო. ამ ისრებიდან რომელიც შეხვდებოდათ, გადაწყვეტილებასაც იმის მიხედვით ღებულობდნენ, ხოლო თუ ცარიელი ისარი ამოუვიდოდათ, მაშინ წილყრას კიდევ ერთხელ მოაწყობდნენ, ვიდრე რომელიმე სიტყვა არ ამოუვიდოდათ. იხ. თაფსირუ ბეღავი. ეს აკრძალვა ზოგადია და მოიცავს როგორც მკითხაობის, ასევე კამათელით თამაშის ან სხვა მსგავსი თამაშების აკრძალვას.
***თქვენი რჯულის განადგურების ან მისგან თქვენი ზურგშექცევის იმედი დაკარგეს.
****ჩემი ბრძანებებისა და აკრძალვების დარღვევის გეშინოდეთ.
*****ანუ ამ აიათის ჩამოვლენით ფარძის, სუნნეთის, სასჯელების, ჯიჰადის, ჰალალ-ჰარამის სახით ისლამის რჯულში არსებული ყველა საკითხი სრულვყავი. ამ აიათის ჩამოლინების შემდეგ ჰალალ-ჰარამის, ან ფარძების შესახებ სხვა აიათი აღარ ჩამოვლინებულა. იხ. თაფსირუ ბეღავი.
******და ჰარამი შეჭამა.
(116) გეკითხებიან შენ – რა არის ჰალალი მათთვის. უთხარი: ჰალალია თქვენთვის ყველაფერი, რაც სუფთაა და რაც გაწვრთნილ მტაცებელს არ დაუჭერია თქვენთვის, - მტაცებელს, რომელსაც წვრთნით ალლაჰის ბოძებული ცოდნით. მიირთვით იგი (ჰალალი საკვები) ალლაჰის სახელის ხსენებით. რიდი გქონდეთ ალლაჰისა, უეჭველად ალლაჰი მსწრაფლანგარიშმგებია.
(117) დღეიდან ჰალალია თქვენთვის ყველაფერი, რაც კი სუფთაა. - ჰალალია მათი საჭმელი, რომელთაც წიგნი ებოძათ*, და თქვენი საჭმელიც ჰალალია მათთვის; ასევე პატიოსანი ქალები მორწმუნეთაგან და პატიოსანი ქალები მათგან, ვისაც თქვენზე ადრე ებოძათ წიგნი**, თუკი მიაგებთ თავიან მეჰრს პატიოსნად და არა სიძვისათვის, არცა საყვარლად აყვანისთვის. ხოლო ვინც რწმენას უარყოფს***, უეჭველად, გაცამტვერდება მისი ნამოქმედარი და უკანასკნელ დღეს წაგებულთა შორის აღმოჩნდება.
*იბნი აბბასი, აბუ უმამე, მუჯაჰიდი, სა’იიდ ბინ ჯუბეირი, ‘იქრიმე, ‘ატა, ჰასან ალ-ბასრი, მექჰული, იბრაჰიმ ან-ნეხა’ი, სუდდი და მუყათილ ბინ ჰაიანი განმარტავენ, რომ აქ იგულისხმება მათ მიერ დაკლული ჰალალი ცხოველის ან ფრინველის ხორცი. როგორც იბნი ქესირი გადმოგვცემს, ამ საკითხზე სწავლულთა შორის კონსესუსუსია (იჯმა’). იხ. თაფსირუ’ლ-ყურანი’ლ-‘აზიიმ. ერთმა იუდეველმა ქალმა ალლაჰის შუამავალს ﷺ და მის მეგობრებს სუფრა გაუშალა და შემწვარი ცხვრის ხორცი მიართვა, რაზეც შუამავალს და მის მეგობრებს უარი არ უთქვამთ (აბუ დავუდ, დიათ 6/4511- 4512.). გადმოცემების თანახმად, საჰაბე აბუ დერდას კითხეს ცხვრის ხორცის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი ეკლესიის შესაწირად იყო დაკლული და მუსლიმს აჩუქეს. აბუ დერდამ ასეთი კითხვის გამო ემოციები ვერ დამალა და თქვა: „ღმერთო გვაპატიე! უეჭველად, ისინი წიგნბოძებულნი არიან. მათი საჭმელი ჰალალია ჩვენთვის და ჩვენი საჭმელი ჰალალია მათთვის.“ და მათ ჭამა უბრძანა. იხ. თაფსირუ ტაბერი.
**ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „ჩვენ ვირთავთ წიგნბოძებულთა ქალებს, თუმცა ისინი ვერ შეირთავენ ჩვენს ქალებს.“ იხ. თაფსირუ ტაბერი, 2/221-ე აიათის თაფსირი.
***რწმენა აბსოლუტურია, რომელიც სრულად მოიცავს რწმენის პირობებს და არ ღებულობს დაყოფას და დანაწევრებას. ვინც უზენაესი ალლაჰის მიერ დადგენილ წესებს მთლიანად ან ნაწილობრივ უარყოფს, ის მთელ რწმენას უარყოფს.
(118) ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნამაზზე დადგომისას დაიბანეთ: სახეები და ხელები იდაყვებითურთ, თავზე ჩამოისვით (სველი ხელი), ასევე ფეხები კოჭებითურთ; ხოლო თუ იქნებით ჯუნუბი*, მაშინ (განბანვით) განიწმინდეთ; და თუ ავად ან მგზავრად იქნებით, ანდაც ფეხსალაგიდან გამოხვალთ, ან კიდევ ქალს შეეხეთ და წყალი ვერ ჰპოვეთ, მაშინ სუფთა მიწით თეიემუმი** გააკეთეთ - სახეზე და მკლავებზე მოისვით იგი. ალლაჰს არ უნდა სირთულე თქვენთვის, მაგრამ უნდა, რომ განგწმინდოთ და მისი წყალობა სრულად გიბოძოთ, რომ იქნებ მადლიერი იყოთ.
*ორიგინალი - „ჯუნუბ“ (جنب): სქესობრირვი კავშირის, მენსტრუაციის, მშობიარობის ან ინტიმური სიზმრის ნახვის შედეგად გამოწვეული უსუფთურობა, რომელიც საჭიროებს წესისამებრ განბანვას.
**ორიგინალი - „თეიემუმ“ (تيمم): წყლის არარსებობის ან არსებული წყლის გარკვეული მიზეზების გამო აბდესისთვის არახელსაყრელობისას, აბდესის ნაცვლად სუფთა მიწაზე ხელისგულებით შეხების შემდეგ სახესა და მკლავებზე მოსმა.
(119) გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენზე და აღთქმა, რომელიც თქვენგან აიღო, როცა თქვით ,,შევისმინეთ და დავემორჩილეთ''*. მაშ, რიდი გქონდეთ ალლაჰისა! ჭეშმარიტად, უნაკლოდ იცის ალლაჰმა თქვენს გულებში არსებულის შესახებ.
*შევისმინეთ შენი სიტყვა და დავემორჩილეთ შენს ბრძანებას.
(120) ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით მტკიცენი, ალლაჰისთვის სამართლიანად დამმოწმებელნი და ხალხის რომელიმე ჯგუფის მიმართ სიძულვილმა არ გაიძულოთ, რომ არ იქცეოდეთ სამართლიანად. იყავით სამართლიანი*, რამეთუ იგი ყველაზე ახლოსაა ღვთისმოშიშობასთან. რიდი გქონდეთ ალლაჰისა. ჭეშმარიტად, ალლაჰი მცოდნეა ყოველივესი, რასაც თქვენ აკეთებთ.
*როგორც მოყვრის, ასევე მტრის მიმართაც.
(119) ალლაჰი ბრძანებს: ესაა დღე, როცა მართალნი სარგებელს ჰპოვებენ თავიანთი სიმართლისას: მათთვისაა სამოთხეები, რომელთა ქვეშაც მდინარეები მიედინება; იქ იქნებიან მარადჟამს. კმაყოფილია მათგან ალლაჰი და თვითონაც კმაყოფილი არიან მისით. აი, ესაა მიღწევა – უდიდესი (დიდი გამარჯვება).
(120) ალლაჰს ეკუთვნის ცათა და დედამიწის განმგებლობა და (იმის,) რაცაა მათში. იგია ყოვლისშემძლე.